ქართული ოცნების ლობისტები

თურნავა ლობისტებზე: დასავლეთს ზღვა ინფორმაცია მიეწოდება, ბევრი არასწორად, ვეტყვით სიმართლეს

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, ქართული ოცნების მიერ აშშ-ში კიდევ ერთი ლობისტური კომპანიის დაქირავებას ეხმაურება. თურნავას თქმით, მათი დაქირავება პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რადგან დასავლელი პარტნიორები "არასწორი, უსამართლო" ინფორმაციის ნაცვლად, სიმართლეს გაიგებენ.

"მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება, რომ შევაფასოთ. იმიტომ, რომ იმ ზღვა ინფორმაციაში, რაც მიეწოდება დასავლეთს და მთელს მსოფლიოს, ძალიან ბევრი არის არასწორი, უსამართლო. ეს არის ძალიან კარგი არხი, რომ სიმართლე ვუთხრათ მთელს მსოფლიოს იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და რა რეფორმებს ვახორციელებთ",-ამბობს თურნავა. 

კომპანიის დაქირავების შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე შეფასებებს თურნავა სამარცხვინოსა და უსამართლოს უწოდებს. 

გამოცემა Bloomberg-ზე ივანიშვილის შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა, სადაც ავტორი ელი ლეიკი ივანიშვილს "ჩრდილოვან ბოსად" მოიხსენიებს და წერს, რომ მან ვაშინგტონში ახალი ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც "ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლით შეშფოთებულმა კონგრესმენებმა მის მიერ ხელდასმულ პრემიერმინისტრს" რამდენიმე კრიტიკული წერილი გაუგზავნეს.

"რაც საინტერესოა ამ კონტრაქტის შესახებ, ისაა, რომ კომპანია წარმოადგენს ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიას და არა ხელისუფლებას, რომელსაც ამ ეტაპზე ეს პარტია აკონტროლებს" - წერს ავტორი. 

გუშინ, 13 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ "ოცნებამ" აშშ-ში კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირავა, ამჯერად 300 ათას დოლარად. შეთანხმებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. 

წინა კვირაში დაქირავებულ კომპანიას ქართული ოცნება 900 ათას დოლარს გადაუხდის. 

გასულ წელს ოცნებამ ლობისტურ მომსახურებაში ჯამურად 2,7 მილიონი დოლარი გადაიხადა, წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება უკვე მილიონ დოლარს აღემატება. პოლიტიკური ცხოვრების საწყის ეტაპზე, ლობისტების მომსახურებით ხშირად სარგებლობდა ბიძინა ივანიშვილიც. 2012 წელს ივანიშვილმა ლობისტების მომსახურებაში 6 მილიონი დოლარი გადაიხადა. 

კომენტარები