ევროპული საქართველო

ბოკერია მედიაში ოცნების ლობირებაზე: თუ ვინმემ არ იცოდა, რომ პრობლემა აქვთ, ასე გაიგებენ

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების მიერ ახალი ლობისტური კომპანიის დაქირავების საკითხს ეხმაურება, რომელიც კონტრაქტის მიხედვით, მმართველ გუნდის "დემოკრატიისკენ უდრეკი სწრაფვის" შესახებ უცხოურ მედიაშიც დაწერს და გაავრცელებს ინფორმაციას. 

ბოკერია მიიჩნევს, რომ "ნაყიდი სტატიები" თავისუფალი სამყაროს ყველა დედაქალაქში და მათ შორის, ვაშინგტონშიც ანეკდოდატაა ქცეული. დეპუტატის შეფასებით, ასეთ სტატიებს არავინ კითხულობს, ან თუ კითხულობს, ყველამ იცის, რომ ეს გადახდილი სტატიაა. 

"ამას ჩუმად კი ვერ იზამ. პირდაპირ წერია, რომ ეს არის ფასიანი სტატია,"- ამბობს ბოკერია მთავარ არხთან.

ევროპული საქართველოს დეპუტატი რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს იხსენებს, რომლებიც რაღაც პერიოდის განმავლობაში "ცნობილ გაზეთებში" ფურცლებს ყიდულობდნენ.

"ეს არათუ საზოგადოებრივ აზრზე პოზიტიურ გავლენას არ ახდენს, პირიქით, მაგალითად გამოიყენება, რომ ამ ქვეყანაში რაღაც ცუდად არის, რახან ასე ყიდულობ ავტორიტარული რეჟიმივით გაზეთებში სტატიებს, რაზეც ყველამ იცის, რომ ნაყიდია და არ წარმოადგენს არც იმ მედიის, არც იქაური საზოგადოებრივი ჯგუფების რაღაც შეხედულებას. 

აყველა თვალსაზრისით მინუსშია ქვეყანა ამ ხელისუფლების ამ მმართველი პარტიის მიერ დახარჯული რესურსებით, მაგრამ თავის თავსაც არათუ ვერ უშველიან, პირიქით, თუ ვინმემ არ იცოდა, რომ პრობლემაა ასეთი სერიოზული საქართველოს ხელისუფლებისთვის, ამ აქტივობით უფრო გაიგებენ,"- თქვა ბოკერიამ. 

ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთ ლობისტურ კომპანია DCI Group-თან ხელშეკრულება 12 თებერვალს გააფორმა. კონტრაქტში, რომელსაც ხელს კობახიძე აწერს, კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ წერია:

"ხელი შეუწყოს ქართული ოცნების დემოკრატიის პრაგმატულ პარტნიორად პოზიციონირებას. წარმოაჩინოს ქართული ოცნება მშვიდობის, სტაბილურობის და დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული იდეალების პირუთვნელ მიმდევარად, განსაკუთრებით საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებში. 

მედიისთვის ინფორმაციის მომზადებისა და გავრცელების საშუალებით, DCI Group ხელს შეუწყობს გაახმოვანოს ქართული ოცნების უდრეკ სწრაფვას დემოკრატიისა და განსაკუთრებით საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის შესახებ". ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები