ცოფი

ლაგოდეხში, სოფელ შრომაში ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა გამოვლინდა

arynews.tv

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მიუსაფარი ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა გამოვლინდა.

უწყებაში ამბობენ, რომ სააგენტოს ვეტერინარები ადგილზე იმყოფებიან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვეტერინარულ ღონისძიებებს - სადეზინფექციო სამუშაოებსა და დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას ატარებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად ითანამშრომლონ ვეტერინარებთან, დროულად ჩაუტარონ საკუთარ ცხოველებს ვაქცინაცია, ხოლო საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის, დადორბლვის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ.

"ცოფი საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით, რაც ლეტალური შედეგით სრულდება. ადამიანის და ცხოველის ინფიცირება ხდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბლვის შედეგად", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ცოფის საწინააღმდეგოდ ქვეყნის მასშტაბით პატრონიანი და მიკედლებული ძაღლებისა და კატების პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ყოველწლიურად ატარებენ. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროფილაქტიკური და იძულებითი ვაქცინაცია ჩაუტარდა დაავადების ამთვისებელ 300 ათასამდე ცხოველს.

კომენტარები