აღმოსავლეთმცოდნე ნინო ოქროსცვარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ჰომოფობიური შინაარსის პოსტებს წერს.
ის ამჟამად ორ უნივერსიტეტში ასწავლის - ილიაუნისა და საქართველოს უნივერსიტეტში. ამის შესახებ მითითებულია როგორც მის პირად ფეისბუქ გვერდზე, ასევე, ორივე უნივერსიტეტის საიტზე.
ნინო ოქროსცვარიძემ დღეს, 14 იანვარს, ერთ-ერთი მაღაზიის ფეისბუქ გვერდისგან ვალენტინობის დღესასწაულის აღსანიშნავი ფოტოები გააზიარა, რომელთა შორის ჰომოსექსუალი წყვილებიც იყვნენ. ორი უნივერსიტეტის ლექტორმა დაწერა, რომ "ლესბოსელებს და პედიკების ლოშვნას" სახეში ტენიან.
"აი თქვენი ბრენდის დედაც რა:)) რა სახეში გვტენით ამ ლესბოსელებს და პედიკების ლოშვნას:) პედიკიც მყავს მეგობრები და ლესბოსელები, მაგრამ არ მირტყავენ ცხვირში ყოველწამს თავის ორიენტაცისს.. დავიღალეთ ნუ... ტანსაცმელი ლოშვნის გარეშე არ გამოდის თუ?:)) ასეთი ხიხო და ბანძი საზოგადოება ჩვენში რომ არის, ტყუილია რა....", - წერს ლექტორი [სტილი დაცულია].
მას შემდეგ, რაც მის კომენტარებსა და პოსტს გამოხმაურება მოჰყვა, ნინო ოქროსცვარიძემ ფეისბუქზე ახალი პოსტი დაწერა:
"დიდი ობსტრუქცია მომიწყეს ლესბოსელ/ პედიკებმა:))) “ეიჩემის” პოსტთან დაკავშირებით:)) პლიუს უნის რექტორი მონიშნეს-ეს ადამიანი ჩვენს უფლებებს ლახავსო:)))
პ.ს. საქართველოს უნის რექტორიც მონიშნეთ არ დაგავიწყდეთ:))!", - წერს ლექტორი [სტილი დაცულია].
გარდა ამისა, ნინო ოქროსცვარიძეს აქვს ქსენოფობიური და არმენოფობიური პოსტებიც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ძველ პოსტებში ლექტორი მხარს უჭერს ლევან აკინის ფილმს "და ჩვენ ვიცეკვეთ" და წერს, რომ რეჟისორი "ცნობილი თურქეთელი ქართველის შალვა თევზაძის შვილია".
"სამწუხაროა, რომ მას ჩვენს საელჩოში შვედეთში საერთოდ არ იცნობენ, არც დიასპორის დღეებზე ეპატიჟებიან საქართველოში, მაშინ, როცა ბევრი არაფრისმაქნისი "ჩვენებური" ჩამოჰყავთ და ჩინმედლებს ურიგებენ..ეხლა მის შვილს, ლევან აქინს მიახტნენ ჩვენი უსაქმური "პატრიოტი", "მორწმუნე" საზოგადოება....უარესის ღირსი ვართ, ხომ გინდოდათ მეჯღანუაშვილების საქართველო, ხოდა აჰა ინებეთ...", - წერს ლექტორი.
ტაბულა დაუკავშირდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტს. ილიაუნიში ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტის დისციპლინარული საბჭო მოკვლევას დაიწყებს.
რაც შეეხება საქართველოს უნივერსიტეტს, აქ გვითხრეს, რომ მათი ლექტორის ჰომოფობიური პოსტის შესახებ ჩვენგან გაიგეს და საკითხით აუცილებლად დაინტერესდებიან. უნივერსიტეტის იურისტი, ოთარ გამყრელიძე ხაზს უსვამს, რომ ჰომოფობია მათთვის მიუღებელია და მათ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
"პირველ რიგში, ვნახავთ და რა თქმა უნდა, რეაქცია გვექნება. ასეთი მიდგომა ჩვენი უნივერსიტეტისთვის მიუღებელია. დისციპლინარული კომისია გვაქვს, მაგრამ კონკრეტულ სანქციას ვერ გეტყვით, რადგან კოლეგიალურად ხდება გადაწყვეტილების მიღება. ყველაზე მსუბუქი სანქცია ზეპირი გაფრთხილებაა, ხოლო მაქსიმალური შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა", - ამბობს გამყრელიძე ტაბულასთან.