საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება

EMC: ტყეებზე ინიციატივას, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ საპატრიარქოსგან ლოიალობის ინტერესი აქვს

0 კომენტარი
ფოტო: EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მიიჩნევს, რომ ქონების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის რესურსის გადაცემის შესაძლებლობას ადგენს, კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ამასთან, EMC-ის აზრით, ინიციატივას წინასაარჩევნო პერიოდში ეკლესიის ლოიალობის მოპოვების შინაარსი აქვს.

საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიხედვით მთავრობას ექნება შესაძლებლობა საპატრიარქოს გადასცეს საქართველოში არსებული ეკლესიების მიმდებარე ტყის ფართობები, მაქსიმუმ 20 ჰექტარი თითოეულ შემთხვევაში.

"მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამატებითი პრივილეგიების გადაცემის ამ ინიციატივას სავარაუდოდ წინასაარჩევნო კონტექსტში საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვების ინტერესი აქვს და რელიგიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ნიშნებს აჩენს", - აღნიშნავენ EMC-ში.

ამასთან, ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, იმ პირობებში, როცა სახელმწიფო თავად აღიარებს ტყეს, როგორც ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე რესურს, გაუგებარია რა მიზანშეწონილობით გადასცემს ასეთი მნიშვნელობის მქონე რესურს ამ მასშტაბით სხვა, კერძო სუბიექტს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მიუთითებს იმაზეც, რომ სახელმწიფო აგრძელებს დომინანტი რელიგიური ორგანიზაციის მიმართ ლოალურ და უთანასწორო პოლიტიკას და საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სეკულარობის პრინციპის გვერდის ავლით მას უსამართლო პრივილეგიებს ანიჭებს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები რელიგიურ გაერთიანებებს შორის არსებულ სამართლებრივ და ფაქტობრივი უთანასწორობის კიდევ უფრო გააღრმავებს.

"იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დიდი მოცულობის მიწის ნაკვეთების გადაცემის პრაქტიკა ხშირად ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობის ბაზისურ სოციალურ საჭიროებებს და ინტერესებს, არაერთ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის სამართლიანი უკმაყოფილებაც გამოიწვია. ცხადია, რომ ასეთი ბლანკეტური ჩანაწერის არსებობა კანონმდებლობაში კიდევ უფრო გაამარტივებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უძრავი ქონების გადაცემას და შესაძლოა წარმოშვას სოციალური კონფლიქტის ახალი კერები", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, EMC მიუთითებს, რომ სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება არ ითვალისწინებს საპატრიარქოსთვის ტყის რესურსებთან დაკავშირებით რაიმე სახის პრივილეგიას ან პირობას.

"კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულია მხოლოდ ტაძრების, მონასტრების, მათი ნანგრევების და იმ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა, რომელზეც ეს ნაგებობებია განლაგებული. შესაბამისად, ეს ინიციატივა კონსტიტუციურ შეთანხმებასთანაც კი მოდის წინააღმდეგობაში, რომელიც ისედაც ექსკლუზიურ და გაუმართლებელ პრივილეგიებს აძლევს მართლმადიდებელ ეკლესიას და უთანასწორო გარემოს ქმნის სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ჭარბ იდენტიფიციკაციას იწვევს", - აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს სახელმწიფო ქონების შესახე კანონში შესატან ცვლილებებს და არ დაუშვას ტყის, როგორც ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სეკულარიზმის პრინციპის უგულებელყოფით, უსამართლოდ განკარგვა.

სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, მთავრობას ექნება შესაძლებლობა საპატრიარქოს გადასცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესიის მიმდებარე 20 ჰექტრამდე ტყე. საუბარია არა ჯამში 20 ჰექტარზე, არამედ, თითოეულ ეკლესიასთან მდებარე ტყეებზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები