თემურ აბაზოვი

აბაზოვი: მერი ვიყავი, შეცდომა არ მქონდა, ალახვერდიევი სამსახურში არ მივიღე და შური იძია

0 კომენტარი
ფოტო: ტელეკომპანია პირველი

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, ტელეკომპანია პირველის ეთერში ამბობს, რომ ალახვერდიევმა, რომელსაც სახეზე საკუთარი შარდის წასმა აიძულა, მასზე შური იძია, რადგან არ დაასაქმა.  

აბაზოვის თქმით, მან არ იცის, წაისვა თუ არა ალახვერდიევმა სახეზე შარდი, თუმცა დარწმუნებულია, რომ არაადამიანური მოპყრობა მას შურისძიების მიზნით "დააბრალა".

"შური იძია. მერი ვიყავი და მთელი ცხოვრება ისე მივდიოდი, ერთი შეცდომა არ მქონია და ერთი არაკანონიერი ნაბიჯი არ მქონია. ჩემზე განაწყენებული იმის გამო იყო, რომ მე ის სამსახურში არ მივიღე",-ამბობს აბაზოვი. 

ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ალახვერდიევს მისთვის ბოდიშის მოხდა უნდოდა, რადგან მისი და ივანიშვილის მისამართით შეიგინა, თუმცა აბაზოვი, მისივე თქმით, მას არ შეხვდა.

"მე არ მინდოდა, არ მჭირდებოდა, ვერ მივიღებდი ბოდიშს. ვერ დაველაპარაკებოდი, ვერ მოვითმენდი. რად მინდოდა მაგის ბოდიში?"-ამბობს აბაზოვი.

მარნეულის ყოფილი მერი ამბობს, რომ არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ მან რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა. მისივე თქმით, არც მისი ადგილზე ყოფნა დამტკიცდა და ჭიქიდან არც მისი ანაბეჭდები ამოვიდა. აბაზოვი ამტკიცებს, რომ მისთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანაში არავინ ჩარეულა და "არც იყო საჭირო."

რუსთავის საქალაქო სასამართლომ აბაზოვი 12 თებერვალს გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი დადგა მასთან ერთად ბრალდებული სამი პირის მიმართაც.

2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". აბაზოვი იმავე წლის 13 ივნისს დააკავეს.

2018 წლის 10 დეკემბერს მას პატიმრობის ნაცვლად 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. პატიმრობიდან გათავისუფლებიდან მალევე აბაზოვი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები