არასრულწლოვნის გატაცება

ლომჯარია მოზარდის გატაცებაზე: კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, რომ მაგალითი იყოს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში ჩავიდა და გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს მშობლებს, გატაცების თვითმხილველს და მარნეულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს შეხვდა. ლომჯარია ამბობს, რომ გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა და თვითმხილველთა თქმით, არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს.

ომბუდსმენის ინფორმაციითვე, არასრულწლოვანი გამტაცებლებს წინააღმდეგობას უწევდა და დახმარებას ითხოვდა. 

"სასწრაფოდ უნდა დადგინდეს გატაცებულის ადგილსამყოფელი და დააბრუნონ იგი თავის სახლში. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. აუცილებელია დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა მაგალითი იყოს მათთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა გატაცების მახინჯ პრაქტიკას აგრძელებენ. შესაძლოა სხვადასხვა სცენარი გაავრცელონ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გატაცება გოგოს ნების საწინააღმდეგოდ მოხდა“, - თქვა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის თქმითვე, მსგავსი დანაშაულები გოგოებს უშლის ხელს განათლების მიღებაში, ვინაიდან მათ მშობლებს შვილების ქალაქებში სასწავლებლად გაშვება ეშინიათ.

მარნეულში არასრულწლოვანი გუშინ, 14 თებერვალს მოიტაცეს.

უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგოს მოტაცების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143 მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისმხობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე.

კომენტარები