არასრულწლოვნის გატაცება

ომბუდსმენი: მარნეულში არასრულწლოვანი გოგო განსაკუთრებული სისატიკით გაიტაცეს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას თქმით, მარნეულში არასრულწლოვანი გოგო განსაკუთრებული სისასტიკით გაიტაცეს. ომბუდსმენი მარნეულში იყო და გოგოს მშობლებს, გატაცების თვითმხილველს და მარნეულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს შეხვდა. ომბუდსმენის ინფორმაციითვე, არასრულწლოვანი გამტაცებლებს წინააღმდეგობას უწევდა და დახმარებას ითხოვდა. 

"სასწრაფოდ უნდა დადგინდეს გატაცებულის ადგილსამყოფელი და დააბრუნონ იგი თავის სახლში. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. აუცილებელია დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა მაგალითი იყოს მათთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა გატაცების მახინჯ პრაქტიკას აგრძელებენ. შესაძლოა სხვადასხვა სცენარი გაავრცელონ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გატაცება გოგოს ნების საწინააღმდეგოდ მოხდა“, - თქვა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის თქმითვე, მსგავსი დანაშაულები გოგოებს უშლის ხელს განათლების მიღებაში, ვინაიდან მათ მშობლებს შვილების ქალაქებში სასწავლებლად გაშვება ეშინიათ.

მარნეულში არასრულწლოვანი გუშინ, 14 თებერვალს მოიტაცეს. 

შსს-მ დღეს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთი პირი დააკავეს და გოგო სახლში დააბრუნეს. 

კომენტარები