მერია და სითი პარკი

ნადირაშვილი: კალაძე ამბობდა, რომ CT Park-თან კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არაფერი დაუჯდებოდა

"არაკომპეტენტურობა, ნეპოტიზმი და კორუფცია ეს არის ქართული ოცნების მმართველობის სამარკო ნიშნები, რომლის ფასსაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იხდის," - ევროპულ საქართველოში მერიის მიერ სითი პარკისათვის 4,3 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდის საკითხს ეხმაურებიან. ბრიფინგი პარტიის წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა გამართეს.

პარტიაში იხსენებენ, რომ 2017 წლის არჩევნების დროს თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მოსახლეობას პირდებოდა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არ დაუჯდებოდა არც ერთი თეთრი. პარტიის წევრების თქმით, ეს ქართული ოცნების მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და არაკომპეტენტურობაა.

"მერიამ ბიუჯეტიდან გადაიხადა 12 მილიონი ლარი, რაც საადვოკატო მომსახურეობასთან და სასამართლო დანახარჯებთან ერთად კონტრაქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს (25 მლნ ლარი) თითქმის ნახევარს შეადგენს. კახი კალაძე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ პარკირების სამსახურის მუნიციპალურ საკუთრებაში გადასვლით მოსახლეობა მიიღებდა გაუმჯობესებულ სერვისს. კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება," - ამბობს ირმა ნადირაშვილი.

ლევან თარხნიშვილის თქმით, ორი წლის განმავლობაში მხოლოდ პარკირების გადასახადის სახით 50 მილიონი ლარზე მეტი შევიდა ბიუჯეტში, თუმცა მერიას არ აუშენებია/მოუწყვია არც ერთი ახალი პარკირების ადგილი, არ განუხორციელებია რეფორმა და არ გაუუმჯობესებია მომსახურება.

"თბილისის მოსახლეობისათვის და მისი სტუმრებისათვის, როგორი მოუხერხებელი და პრობლემურიც იყო ავტომობილის პარკირება მანამდე, ისეთივეა დღეს. ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ კახი კალაძემ თავისი პოპულისტური და არაკომპეტენტური ახირების გამო
ბიუჯეტის ხარჯზე მოაწყო მორიგი კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდე თბილისის მერიაში," - ამბობენ პარტიაში.

თბილისის მერიის ცნობით, მერიასა და კომპანია სითი პარკს შორის შეთანხმება შედგა.

შეთანხმების ფარგლებში, თბილისის მერიამ კომპანიას 4.3 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან.

სანაცვლოდ სითი პარკმა შეწყვიტა სამართლებრივი დავა - უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი და უარი თქვა საარბიტრაჟო დავაზეც.

თბილისის მერიამ სითი პარკს ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილს შეუჩერა და საკუთარ თავზე აიღო პარკირების სისტემის მართვა.

სითი პარკთან ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და მისი ვადა 25 წელიწადი იყო.

2017 წელს კახა კალაძე სითი პარკთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ამბობდა: 

"ჩვენ ვისმენთ შეუსწავლელ, პოპულიზმისკენ მიმართულ ვერსიებს, ხან ახალი კომპანიების შემოსვლაზე, ხან ბიუჯეტიდან ვიღაცის გასტუმრებაზე, რაც მგონია, რომ კიდევ უფრო დააწვება თითოეულ თბილისელს ჯიბეზე. რეალურად, ეს არის თბილისელების დისკომფორტის გადამისამართება ერთი კომპანიისგან, მეორეზე და არა რეალურად იმ პრობლემის აღმოფხვრა და მოგვარება, რომელიც აწუხებს თბილისს."

კომენტარები