დასავლეთის კრიტიკა

ბოკერია: ივანიშვილი აქაც დამარცხდება და გარეთაც ელის სრული იზოლაცია და ტრაგიკული ბედი

ტაბულა

"კობახიძე და ივანიშვილის ყველა მასხარა ემსახურებიან ერთ მიზანს, რომ ივანიშვილის ნათქვამი ან არ ნათქვამი მითითება შეასრულონ და თავი დაიმშვიდონ და მოიტყუონ," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც კობახიძე ამბობს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა იციან ოპოზიციის სისუსტის შესახებ, თუმცა, სთხოვენ ხელისუფლებას, რომ მხრებით ათრიონ.

ბოკერია ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორების გზავნილი იგივეა საჯარო და დახურულ შეხვედრებზეც, თუმცა, მისივე თქმით, ოცნების წევრებმა მაინც ვერაფერი გაიგეს. 

"მე მგონი ეს ვითარება ყველა კარგად შეაჯამა საქართველოს დიდმა მეგობარმა ლიტველმა ევროპარლამენტარმა, რომ ამდენი ველაპარაკეთო და მე მგონი, მაინც ვერაფერი გაიგესო. რა ზურგით ტარებაზეა ლაპარაკი, გზავნილი აქვთ მარტივი, იგივე რაც საჯაროა, რამე საიდუმლო გზავნილი კი არ არსებობს - რომ საქართველოს დემოკრატიით, სუვერენიტეტით და უსაფრთხოებით არიან დაინტერესებული და საზოგადოების დამცირება, მოტყუება, გადაგდება, ოპოზიციის დევნა, იმიტომ რომ გაწუხებს და ხელისუფლების, ამ შემთხვევაში ოლიგარქის დაკვეთით დაჭერა არის მიუღებელი," - ამბობს ბოკერია.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილს აქვს გაკეთებული მისთვის საბედისწერო და ქვეყნისთვის საზიანო ბრიყვული არჩევანი.

"მე არ მიკვირს, რომ ივანიშვილის ამ კლოუნებს არაფერი ესმით. ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ  ამ ნაბიჯებით ძალაუფლებას შეინარჩუნებს და მერე დაალაგებს გარეთ ურთიერთობებს და ვერც ერთს შეძლებს და ვერც მეორეს. აქაც დამარცხება, ნებისმიერ სცენარში, ცუდში, ან კიდევ უფრო ცუდში მისთვის და გარეთაც ელის სრული იზოლაცია და ტრაგიკული ბედი." - ამბობს ბოკერია.

ირაკლი კობახიძემ გუშინ იმედის ეთერში თქვა: 

" დასავლელი პარტნიორების ერთგვარი დამოკიდებულება და მოწოდება არის, რომ კი, ცუდია ეს ოპოზიცია, ცუდია ნაციონალური მოძრაობა, ძალიან მძიმე რეპუტაცია აქვს, მაგრამ იქნებ გაუფრთხილდეთ, ეს სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ათრიოთ."

კომენტარები