დასავლეთის კრიტიკა

ბოკერია კობახიძეზე: პარტნიორები "ოცნებას" იგივეს ეუბნებიან საჯაროდაც და დახურულ კარს მიღმაც

ტაბულა

"დასავლელი პარტნიორები "ოცნებას" იგივეს ეუბნებიან საჯაროდაც და დახურულ კარს მიღმაც, შეიძლება კიდევ უფრო მწვავე ფორმით," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეს პასუხობს. კობახიძემ გუშინ თქვა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა იციან ოპოზიციის სისუსტის შესახებ და სთხოვენ ხელისუფლებას, რომ მხრებით ათრიონ.

ბოკერია ამბობს, რომ მიუხედავად მკაფიოს გზავნილებისა ოცნების წევრები ვერაფერს იგებენ. 

"მე მგონი ეს ვითარება ყველა კარგად შეაჯამა საქართველოს დიდმა მეგობარმა ლიტველმა ევროპარლამენტარმა, რომ ამდენი ველაპარაკეთო და მე მგონი, მაინც ვერაფერი გაიგესო. რა ზურგით ტარებაზეა ლაპარაკი, გზავნილი აქვთ მარტივი, იგივე რაც საჯაროა, რამე საიდუმლო გზავნილი კი არ არსებობს - რომ საქართველოს დემოკრატიით, სუვერენიტეტით და უსაფრთხოებით არიან დაინტერესებული და საზოგადოების დამცირება, მოტყუება, გადაგდება, ოპოზიციის დევნა, იმიტომ რომ გაწუხებს და ხელისუფლების, ამ შემთხვევაში ოლიგარქის დაკვეთით დაჭერა არის მიუღებელი," - ამბობს ბოკერია.

ირაკლი კობახიძემ გუშინ იმედის ეთერში თქვა: 

" დასავლელი პარტნიორების ერთგვარი დამოკიდებულება და მოწოდება არის, რომ კი, ცუდია ეს ოპოზიცია, ცუდია ნაციონალური მოძრაობა, ძალიან მძიმე რეპუტაცია აქვს, მაგრამ იქნებ გაუფრთხილდეთ, ეს სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ათრიოთ."

კომენტარები