არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: ოპოზიცია, რომელიც სწრაფად გავიდა დიალოგიდან, პროცესში დაბრუნდება

არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან დიალოგს დაუბრუნდება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია, რომელიც სწრაფად გავიდა დიალოგიდან, დაბრუნდება ამ პროცესში. თქვენ დაინახავთ, რომ ეს ყველაფერი დაბრუნდება ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში და ისინი დაიწყებენ არჩევნებისთვის მომზადებას. ამის საფუძველი იქნება ის, რომ მოქალაქეები, შემდეგ ჩვენი პარტნიორები დაინახავენ, რომ ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული მიდგომა და ჩვენი მოტივაცია არის, შევთანხმდეთ თამაშის წესებზე", - თქვა თალაკვაძემ ტვ იმედის ეთერში.

საქართველოს მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას დამატებით 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს.

ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ამით ხელისუფლებამ დიალოგის რესურსი ამოწურა.

თუმცა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტლებამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის კომპრომისული ვარიანტის შეთავაზებას გეგმავდა - ისინი ფიქრობდნენ, რომ მმართველ გუნდს მანდატების ასე განაწილებას შესთავაზებდნენ - 130 მანდატი პროპორციული წესით, 20 მანდატი - მაჟორიტარულით. ან 135 მანდატი პროპორციული წესით, 15 მანდატი - მაჟორიტარულით.

მანდატების 100/50-ზე განაწილება ხელისუფლებამ ოპოზიციას 2019 წლის 20 დეკემბერს, მოლაპარაკების მე-4 რაუნდზე შესთავაზა. ოპოზიციამ მასზე უარი თქვა.

თავის მხრივ, ხელისუფლება უარს ამბობს, არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით ჩაატაროს, რომელიც მაჟორიტარული სისტემაა, მაგრამ მანდატების უფრო სამართლიანად გადანაწილებას გულისხმობს.

მოლაპარაკებები და საარჩევნო სისტემის შესახებ დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქარულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის მიერ 24 ივნისს გაცემული დაპირება უკან წაიღო და 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

გადაწყვეტილებას მოქალაქეების და ოპოზიციის საპროტესტო აქციები, ასევე, დასავლელი პარტნიორების კრიტიკული წერილები მოჰყვა.

კომენტარები