მთიანი ყარაბაღი

ფაშინიანი: როცა ტიგრან დიდი პომპეუსთან მოლაპარაკებებს მართავდა, აზერბაიჯანი არც არსებობდა

0 კომენტარი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარბაღის საკითხზე იკამათეს.

პანელი სწორედ ყარაბაღს ეხებოდა.

თავდაპირველად ალიევმა ისაუბრა და თქვა, რომ ყარაბაღი ისტორიულად ყოველთვის აზერბაიჯანის ტერიტორია იყო, რასაც ფაშინიანი არ დაეთანხმა.

ალიევმა თქვა:

"მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია. ეს არის ისტორიული სიმართლე და დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის ნორმებზე. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მთელი მსოფლიოს მიერ არის აღიარებული და მთიანი ყარაბაღი ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებული ნაწილია.

ისტორიული თვალსაზრისით, 1805 წელს ყარაბაღის ხანმა, იბრაჰიმ ხანმა რუსეთის იმპერიის გენერალთან ციციანოვნთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ყარაბაღი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ამ ხელშეკრულებაში (და მისი ნახვა ინტერნეტშიც შეგიძლიათ), არაფერია ნათქვამი ყარაბაღის სომხურ მოსახლეობაზე. მოგვიანებით, 1813 და 1828 წლებში გაფორმებულ სხვა ხელშეკრულებებში, აზერბაიჯანის დანარჩენი ნაწილი გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი, ისევე, როგორც დაღესტანი, სომხეთი და საქართველო. ეს არის საკითხის ისტორიული ნაწილი.

მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერია დაინგრა და საქართველოს და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკები დაარსდა, აზერბაიჯანის პირველი შემცირება 1918 მოხდა, როცა ერევანი აზერბაიჯანიდან სომხეთს გადაეცა და სომხეთის დედაქალაქად გამოცხადდა. ესეც ისტორიული ფაქტია. როცა ვიღაცას რაღაცას აძლევ, ნიშნავს, რომ ეს რაღაც ჯერ შენ გეკუთვნოდა.

1921 წელს ბოლშევიკური პარტიის კავკასიის ბიურომ მიიღ გადაწყვეტილება, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს დაუბრუნდეს. დაბრუნების და არა გადაცემის, ისე, როგორც სომეხ ისტორიკოსებს სურთ ამის წარმოჩენა.

1923 წელს კი აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკამ გამოსცა განკარგულება მთიანი ყარაბაღის ავტონომიის შესახებ, აზერბაიჯანის ფარგლებში.

1980-იანი წლების ბოლოს კი სომხეთმა განახორციელეს აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ. 300 000 აზერბაიჯანელის დეპორტაცია მოხდა ტერიტორიიდან. 90-იანი წლების დასაწყისში აგრესია განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ. ამ აგრესიის გამო, ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, 1 მილიონი აზერბაიჯანელი კი ლტოლვილად იქცა", - თქვა ალიევმა.

სომხეთის პრემიერმინისტრის თქმით კი, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის ფორმირების დროს მოექცა და რომ ეს სტალინის, ლენინის და თურქეთის ლიდერის, მუსტაფა ქემალ ათათურქის შეთქმულების ნაწილი იყო.

"ვთხოვდი პრეზიდენტ ალიევს, ძალიან არ ჩაუღრმავდეს ისტორიას, იმიტომ რომ როცა სომეხთა მეფე, ტიგრამ დიდი პომპეუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომაელ სამხედრო ლიდერთან. სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში ასეთი ქვეყანა, აზერბაიჯანი არ არსებობდა. ამიტომ, არ მგონია, სწორი იყოს ისტორიაში ასე ღრმად ჩახედვა, რადგან მე უფრო ღრმადაც შემიძლია ჩასვლა და ქრისტეს შობამდე 400 წლიდან დაწყება. მაგრამ ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ არ მგონია, ეს სწორი იყოს.

როცა ის ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, მე მას არ ვეთანხმები. ბოლშევიკური პარტიის კავკასიის ბიურომ ყარაბაღი სომხეთს მიაკუთვნა. ეს აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება იყო. ამის შემდეგ იოსებ სტალინის პირადი გადაწყვეტილებით, მოსკოვში ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ეს იყო შეთქმულება სტალინს, ლენინს და ათათურქს შორის. ყარაბაღი არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ნაწილი. ის აზერბაიჯანს მხოლოდ საბჭოთა კავშირის ფორმირების დროს მიეკუთვნა", - თქვა ფაშინიანმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები