გიგი უგულავას დაპატიმრება

პოლიტიკური დევნა - ქართული ოცნების ყოფილი ლიდერები და დეპუტატები გიგი უგულავას პატიმრობაზე

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრებას პოლიტიკურ დევნად თბილისის ყოფილი მერის ოპონენტები და ქართული ოცნების ყოფილი ლიდერებიც აფასებენ.

ქართული ოცნების ყველაზე გრძელვადიანმა პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, უგულავას დაპატიმრებას მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენება უწოდა. 

"ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად, ხოლო შექმნილი ტენდენცია - როგორც ხელისუფლების მხრიდან (გამიზნულად თუ გაუაზრებლად - აღარ აქვს მნიშვნელობა) მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია" - დაწერა კვირიკაშვილმა. 

ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, კი თბილისის ყოფილი მერს "პოლიტპატიმარი" უწოდა. 

"მისი დაკავება არა მარტო ქართული პოლიტიკური რეალობისთვის არის მიუღებელი - ეს არის სილა, რომელიც გააწნეს ჩვენს პარტნიორებს" - თქვა მარგველაშვილმა. 

უგულავა პოლიტპატიმრად მოიხსენია ქართული ოცნების ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმაც. 

"დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია! სრულიად ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი მაგრამის გარეშე! პოლიტპატიმარი ხარ თუ არა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმით არ იზომება. ის იზომება იმით:

ვინ გასაგმართლებს? რამდენად არსებობს ნდობა სასამართლოს, ან კონკრეტულად იმ მოსამართლეების მიმართ ვინც გაგასამართლა? როდის გასამართლებენ? რა გარემოებებში ხდება გასამართლება? პირის კავშირი პოლიტიკასთან" - დაწერა ხიდაშელმა. 

გიგი უგულავას დაპატიმრებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებიც, რომლებმაც მმართველი გუნდი 14 ნოემბერს დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო დატოვეს. 

"[ფაქტების შემსწავლელი] კომისია ნახავს იმას, რომ ადამიანი, რომელმაც ხელახლა მოითხოვა გიგი უგულავას დაკავება პროკურორის რანგში, ამ საქმეს შემდეგ მოსამართლის რანგში დახვდა და ისე მიიღო გადაწყვეტილება და ისე დაუმატა სასჯელი, რომ თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალებაც არ მისცა დაცვას და ეს უკვე არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ სხვა საქმეებში უკვე დადგენილი, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა" - თქვა თამარ ჩუგოშვილმა. 

"როდესაც შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის რანგში წაუყენებს ბრალდებას კონკრეტულ პირს და შემდეგ თვითონ მოსამართლის რანგში განაჩენს გამოიტანს, ეს არის ცალსახა, რომ მოსამართლე და სასამართლო არის მიკერძოებული და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეუძლებელია, რომ პროცესუალური ნორმის დარღვევად არ ჩაითვალოს" - თქვა ზვიად ძიძიგურმა. 

"რა თქმა უნდა, იმ მოვლენებმა, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში ვითარდება, იქნება ეს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული მოულოდნელი გადაწყვეტილება და გიგი უგულავას დაკავება, გარკვეული ასახვა ჰპოვა იმ განწყობებში, რომელიც არის ევროპარლამენტში" - თქვა თამარ ხულორდავამ.

ქართული ოცნების ყოფილი ლიდერებისა და დეპუტატების გარდა, გიგი უგულავამ დაპატიმრების შემდეგ იმ ადამიანებისგანაც მიიღო მხარდაჭერა, რომლებიც მერობის პერიოდში და მერეც მისი ოპონენტები იყვნენ. 

"ყველაზე მეტად წლების განმავლობაში სწორედ გიგი უგულავასთან ვიყავი დაპირისპირებული. მისი კრიტიკა შეწყვეტილი მქონდა მხოლოდ მისი ციხეში ყოფნის დროს. ამის მიუხედავად ერთი და იგივე დანაშაულზე ადამიანის რამდენჯერმე ციხეში ჩასმა არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და მეტი არაფერი" - დაწერა ალეკო ელისაშვილმა. 

"ეს არის მთელ ქვეყანაზე, მთელ საზოგადოებაზე, მთელ დემოკრატიულ თანამეგობრობაზე დაფურთხება პირდაპირი გაგებით. მთელი ზნეობრივი, დემოკრატიული, ადამიანური, ისტორიული ტრადიციების ფეხებზე დაკიდება. ამას არ აკეთებდნენ ყველაზე დუჟმორეული და სისხლიანი დიქტატორები კაცობრიობის ისტორიაში"- თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. 

"წინა პერიოდშიც კი არ მახსენდება პრეცედენტი, როდესაც ადამიანს ერთი და იგივე დანაშაულისთვის ორჯერ ასამართლებდნენ. ხვალ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი, თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, აღმოჩნდეს ციხეში. ეს არის გზავნილი, რომ კანონი არის ფეხქვეშ გათელილი, ეს არის გზავნილი, რომ ხელისუფლებისა და ივანიშვილისთვის მთავარი არის ძალაუფლების შენარჩუნება" - თქვა დემოკრატიული საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ. 

საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია გიგი უგულავას დაპატიმრებაზე ნახეთ აქ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები