ჭყონდიდის ეპარქია

მიტროპოლიტი გრიგოლი: უძღები შვილის დღეა, პეტრე ცაავამ პატრიარქს უნდა მოუბოდიშოს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტიგრიგოლ კაცია ამბობს, რომ მისი წინამორბედი, პეტრე ცაავა პატრიარქთან უნდა მივიდეს და მოუბოდიშოს, რის შემდეგაც პატრიარქი მას ხარისხს დაუბრუნებს, თავად კი წალკაში დაბრუნდება.

"დღეს არის უძღები შვილის დღე. მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ. მე ვარ მომხრე, წავიდე წალკაში", - თქვა მიტროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტებთან.

თავად პეტრე ცაავამ კი თქვა, რომ "უძღები შვილის დღეს გონს პატრიარქი უნდა მოეგოს".

"ნამდვილად, დღეს უძღები შვილის დღეა და პატრიარქი და საპატრიარქო უნდა მოეგოს გონს და დაუბრუნდეს ღმერთს, რომელიც მათ ჰყავთ დავიწყებული და უკუგდებული. რჯულისმიერი დარღვევით, უსამართლობით და უზნეობით, რაც ათწლეულების მანძილზე საუბედუროდ სუფევს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და რის გამოც დღეს ერია დასჯილი. იერარქიის ცოდვა ერზე გადადის. ამიტომ პატრიარქის პირადი სინანული იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის დაუბრუნდეს ქრისტე ღმერთს, როგორც უძღები შვილი. და სთხოვოს შენდობა მისი უზნეობისთვის და იმ უსამართლობისთვის, რაც მას ათწლეულების განმავლობაში ჩაუდენია.

სთხოვოს შენდობა იმის გამო, რომ ადამიანი [დეკანოზი გიორგი მამალაძე] პირადი გარემოცვიდან, რომელიც მას ამხელდა და მოუწოდებდა სინანულისკენ, დააჭერინა და როგორც პირადი პატიმარი, ისე უზის ციხეში და ფსიქოლოგიურ, მორალურ და ფიზიკურ ზეწოლას ახდენს მასზე. ეს იქნება ერის დაბრუნება ქრისტე ღმერთთან. საპატრიარქოს სახით, რომელიც განდგომილია ქრისტე ღმერთს და ქადაგებს ცრუ ქრისტიანობას, საბჭოთა ქრისტიანობას, წითელი ეკლესიის მემკვიდრეობის სახით" - თქვა პეტრე ცაავამ, რადიო თავისუფლების ცნობით.

მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში მას შემდეგ მსახურობს, რაც 2019 წლის 31 ოქტომერს საპატრიარქომ პეტრე ცაავა მღვდელმოქმედებიდან განაყენა. მანამდე ის წალკელი ეპისკოპოსი იყო

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ცაავამ მედიასთან თქვა, რომ განყენების მიზეზი ეკლესიაში "მამათმავლობის ცოდვის" მხილება გახდა - მან კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს "პედერასტიითა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა.

სინოდის გადაწყვეტილებით, პეტრე ცაავა გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და მოსანანიებლად შიომღვიმის მონასტერშიც იქნა განწესებული, თუმცა, მან ამაზე უარი თქვა.

პეტრე ცაავას და საპატრიარქოს შორის დაპირისპირება ე.წ ციანიდის საქმის გამო დაიწყო.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც უცვლელად დატოვა.

მამალაძის ოჯახი, ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მის შეწყალებას ითხოვდა.

31 ოქტომბრის წმიდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მეუფე პეტრე ცაავამ თქვა, რომ "უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა იერარქის საკითხი აქ გადაწყდეს"

კომენტარები