საპატრიარქო

მამაკაცი ამტკიცებს, რომ პატრიარქი მას სექსუალურად ავიწროვებდა - ტუჩებში კოცნიდა

0 კომენტარი
ფოტო: ეროვნული TV

რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მიტროპოლიტ ათანასეს მომვლელი გიორგი გელაშვილი ეროვნული TV-ის ეთერში მღვდელ ანდრია სარიასთან, რომელსაც მღვდელმოქმედება აქვს შეჩერებული, ყვება, რომ პატრიარქმა ილია II-მ ის სექსუალურად შეავიწროვა. 

გელაშვილის თქმით, ერთერთი შეხვედრის დროს პატრიარქმა მას გაუფრთხილებლად ტუჩებში რამდენჯერმე აკოცა, გელაშვილის რეაქციის შემდეგ კი მას დასცინა და უთხრა, რომ ჯერ მზად არ იყო. 

როგორც გელაშვილი ინტერვიუში ყვება, ის მამა შალვა კეკელიას შუამდგომლობით პატრიარქმა მეუფე ათანასეს პანაშვიდის შემდეგ დაიბარა და მას მიტროპოლიტის მოვლისთვის მადლობა გადაუხადა, შემდეგი დაბარებისას კი მას სთხოვა, რომ მისი მორჩილი გამხდარიყო და საპატრიარქოში ემსახურა. 

"მოხდა ასეთი რამ, რომ ერთერთ საღამოს, პირველი პირი მიბარებს თავისთან ოთახში და საუბრის დროს მე უბრალოდ ვიჩოქებ მის წინ და მოხდა ასეთი რამ, რომ ჩამეხუტა და მაკოცა პირდაპირ ტუჩებში. ეს მოხდა, ეს ფაქტი. ნუ, მოხუცია და მე ვიფიქრე, რომ ეს მოუვიდა შემთხვევით, მაგრამ მე როდესაც სახე სპეციალურად ავწიე, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ მეუფე მართალს მეუბნება, თუ არა, მოხდა ისე, რომ მან ხელთავიდან გაიმეორა ეს კოცნა, უკვე ცხადად ხდებოდა ეს. გავიწიე და ჩემთვის ეს იყო მიწის გამოცლა, რომ როგორ, ე.ი. რა ხდება? მან დამცინა, გაიცინა ამ ყველაფერზე და მითხრა, რომ იცი, რა, ჯერ მზად არა ხარო და მერე, როცა დრო იქნება, გამოგიძახებო. ეს მახსოვს, ეს სიტყვები,"- ამბობს გელაშვილი. 

გელაშვილისვე თქმით, მიტროპოლიტი ათანასე მასთან ხშირად საუბრობდა პატრიარქისა და სხვა მღვდელმთავრების "ამ ცოდვის" შესახებ, თუმცა მისივე განმარტებით, ამის მიუხედავად პატრიარქისადმი მისი ავტორიტეტი შეულახავი იყო მანამ, სანამ როგორც თავად ყვება, მეორე შეხვედრის დროს, პატრიარქმა მას არ ჰკითხა, თუ რას ყვებოდა მის შესახებ მიტროპოლიტი ათანასე. 

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილება" დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა

მეუფე პეტრეს მხარს უჭერდა მღვდელმონაზონი ანდრია სარია, რომელიც ასევე ღიად აკრიტიკებდა საპატრიარქოს, რის შედეგადაც 22 იანვარს მას მღვდელმოქმედება აეკრძალა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები