აზერბაიჯანი

არჩევნები აზერბაიჯანში - ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციის დაწყებამდე დააპატიმრეს

Reuters

აზერბაიჯანში პოლიციამ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავა მანამ, სანამ საპროტესტო აქცია დაიწყებოდა. ისინი 9 თებერვალს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტებას გეგმავდნენ. არჩევნების მიმართ საერთაშორისო დამკვირვებლებს ბევრი კითხვა აქვთ.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ "ახალი აზერბაიჯანი" პარლამენტის 125 მანდატიდან 72 მიიღო, რაც სხვა პარტიებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს აიძულებს, პრეზიდენტ ალიევის მიმართ ლოიალურები იყვნენ.

მანამ, სანამ კვირა დღეს საპროტესტო აქცია დაიწყებოდა, პოლიციამ ოპოზიციური პარტიების ლიდერები თავიანთ სახლებში და ოფისებში დააკავა - პარტია "რეალურის" ლიდერი ილგარ მამედლი, პარტია "მუსავათის" ლიდერი არიფ გაჯილი, ოპოზიციური მოძრაობა D18-ს ლიდერი რუსლამ იზეტლი. ვერც ერთმა მათგანმა პარლამენტში მანდატების მოპოვება ვერ შეძლო.

საარჩევნო კომისიის შენობას პოლიციელებმა ალყა შემოარტყეს.

დემონსტრანტები, რომლებიც აქ შეიკრიბნენ, სკანდირებდნენ: "გააუქმეთ არჩევნების შედეგები". "ჩვენ ვითხოვთ თავისუფალ არჩევნებს". პოლიციამ ისინი დააკავა.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა ხმების დათვლისას მასშტაბური დარღვევები აღმოაჩინეს, რამაც არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩინა.

ილჰამ ალიევმა საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილზე 9 თვით ადრე დანიშნა, ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცების მიზნით.

ამ დროისთვის აზერბაიჯანის საარჩევნო კომისიამ ძალადობის შესახებ შეტყობინებების გამო 4 ოლქის შედეგები გააუქმა.

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანს 2003 წლიდან მართავს მამამისის, ჰეიდარ ალიევის შემდეგ.

დასავლეთ ევროპის ქვეყნები აზერბაიჯანს გაზმომარაგების კუთხით რუსეთის ალტერნატივად განიხილავენ, თუმცა, არაერთმა ევროპულმა ინსტიტუტმა და ჯგუფებმა ალიევი ოპონენტების დევნასა და დაპატიმრებებში დაადანაშაულეს.

კომენტარები