რეზოლუციის ჩავარდნა

კახიძე: კალაძე ან ცრუობს, ან ასე უთხრეს, რომ მხოლოდ EPP-მ არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას

ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების კომიტეტზე ევროპარლამენტარებმა ქართული ოცნების მიერ მომზადებული რეზოლუცია ჩააგდეს. 

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ ამ რეზოლუციას მხარი მხოლოდ ევროპის სახალხო პარტიამ არ დაუჭირა. ევროპული საქართველოს დეპუტატის, ოთარ კახიძის, თქმით კი, კალაძე ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, ან შეცდომაშია შეყვანილი თანაგუნდელების მხრიდან. 

"ხმების რაოდენობაც რომ ნახოთ, სოციალ-დემოკრატები, ჩვენი პარტნიორები ვინც არიან, მათი მხრიდან, ყველას მხრიდან იყო აბსოლუტური მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხარი ვინც არ დაუჭირა, ეს იყო სახალხო პარტიის წარმომადგენლები, სადაც არიან გაერთიანებული ჩვენი ოპონენტების წარმოამდგენლები, ვინც სტრასბურგში იმყოფებოდნენ,"- თქვა კახა კალაძემ იმედის ეთერში. 

ოთარ კახიძე, რომელიც ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტს ესწრებოდა, ამბობს, რომ რეზოლუციის პირვანდელ ვერსიას ევროპის სახალხო პარტიის გარდა, კიდევ სამმა პოლიტიკურმა ძალამ - ევროპის კონსერვატორ-რეფორმისტთა ჯგუფმა, ევროპის მწვანეთა ჯგუფმა და ევროპის განახლების ჯგუფმა - არ დაუჭირა მხარი. 

"კალაძე ან შეცდომაში შეიყვანეს მისმა თანაპარტიელებმა, რომლებიც ესწრებოდნენ კენჭისყრას, ან ის განზრახ ავრცელებს დეზინფორმაციას. ქართულმა ოცნებამ ჩააგდო ევროპარლამენტართა წინადადებები, რითაც ხელი შეუშალეს ერთობლივი ტექსტის ფორმირებას," - ამბობს კახიძე. 

13 თებერვალს ევროპარლამენტში ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ქართული ოცნების მიერ მომზადებული ტექსტი ჩააგდეს, რადგან მმართველმა გუნდმა უარი თქვა, ტექსტში შეეტანათ ევროპარლამენტარების მიერ მომზადებული შესწორებები. 

"რეზოლუციის სამუშაო ვერსია, სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ძალიან სუსტი იყო, არ გამოხატავდა საქართველოში არსებულ ვითარებას. მასში შესწორებები ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა შევიტანეთ და ჩვენ უფრო დაბალანსებული ტექსტი გვსურდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ქართული დელეგაციის უმრავლესობაში მყოფმა ქართულმა ოცნებამ დაბლოკა ყველა შესწორება და ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამდენი ოფიციალური და არაოფიციალური დისკუსიის მიუხედავად, ვერაფრით გავაგებინეთ, რა ვითარებაა" - თქვა სხდომის შემდეგ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ. 

კომენტარები