დღეს, იურიდიულ კომიტეტზე ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ, ოპოზიცია არ დაესწრება

ტაბულა

ყოფილ გენერალურ პროკურორს და ახლა გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს, დღეს, 17 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა სხდომაზე მოუსმენენ. ხვალ, 18 თებერვალს კი მის კანდიდატურას სესიაზე უყრიან კენჭს. 

შოთაძეს პარლამენტის დეპუტატთა 76-ხმიანი მხარდაჭერა სჭირდება. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი შოთაძის კანდიდატურს მხარს დაუჭერს.

ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მოსმენას არ დაესწრებიან. ამასთან, 18 თებერვალს ოპოზიცია პარლამენტთან პიკეტს გამართავს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გენერალურ პროკურორად შოთაძის დაბრუნება საზოგადოების კიდევ ერთი შეურაცხყოფაა. 

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ 7 თებერვალს წარადგინა. 

შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტს 2015 წლიდან 2018 წლის მაისამდე იკავებდა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ამ თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო აქციები დაიწყო, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, დავით სარალიძის მკვლელი არ იკვეთებოდა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა.

გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე 14 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა. მოსამართლე თადუმაძის პირველი გადაწყვეტილება ოპოზიციური ლიდერის, ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, 3 წლითა და 2 თვით დაპატიმრება იყო. უგულავას წინააღმდეგ ამ საქმეზე სარჩელის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები