საქართველოს ეკონომიკა

ანაკლია და საარჩევნო რეფორმა - Fitch-მა საქართველოს რეიტინგი უცვლელად დატოვა

მსოფლიოს ერთერთმა ყველაზე გავლენიანმა საკრედიტო რეიტინგმა, Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაზრდისგან თავი შეიკავა და BB სტაბილურ ნიშნულზე დატოვა. 

"საქართველოს საკრედიტო მაჩვენებლები, BB ჯგუფის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი ბიზნეს გარემოთი, მმართველობის კარგი ხარისხით გამოირჩევა. ამავდროულად, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა საგარეო შოკების მიმართ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერელია მსოფლიო სავალუტო ფონდის მიერ. ეს ძლიერი მხარეები ჯგუფის სხვა ქვეყნებთან შედარებით, უცხო ვალუტაში აღებული საგარეო ვალის დაუცველობით, მაღალი დოლარიზაციით, საგარეო ფინანსების ნაკლებობით არის დაბალანსებული", — ნათქვამია Fitch-ის მიმოხილვაში. 

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკამ საგარეო შოკების მიმართ მდგრადობა გამოავლინა და ეკონომიკურმა ზრდამ ორგანიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბა. 

ორგანიზაცია 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 4,4%-ან ზრდას პროგნოზირებს. როგორც მიმოხილვაშია ნათქვამი, ნეგატიური მოლოდინები რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით არის განპირობებული. მათ შორის, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო შიდა მოთხოვნის მოსალოდნელი შემცირებაა.

"საერთაშორისო ვაჭრობაში შექმნილი სირთულეების ფონზე, საქართველოში მიმდინარე შიდა პროტესტი სავარაუდოდ, ეკონომიკურ ზრდაზე და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე უარყოფითად აისახება. ინვესტიციების მაჩვენებელი საქართველოში 2018 წლიდან მცირდება, ეს მათ შორის უკავშირდება TANAP-ის პროექტის დასრულებას და თურქეთის ეკონომიკაში შექმნილ სირთულეებს. ცოტა ხნის წინ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის აშენებაზე ხელშეკრულების განადგურებამ შეამცირა Fitch-ის პროგნოზი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე", — წერია მიმოხილვაში. 

ორგანიზაცია საუბრობს საარჩევნო რეფორმის ჩავარდნაზეც.

"გასული წლის ნოემბერში მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდებამ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი და სამოქალაქო პროტესტი გამოიწვია. მიმდინარე მოვლენების არასტაბილურობა ქმნის მაღალ გაურკვევლობას მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით."

ამავდროულად, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველოს არსებული ეკონომიკური პოლიტიკიდან გადახვევა ნაკლებად მოსალოდნელია. Fitch-ში ფიქრობენ, რომ მომავალ წელს ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენელებზე მაღალი იქნება. ორგანიზაციის პროგნოზით, 2020 წელს ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში 4,5% იქნება, ხოლო 2021 წელს 3,2%.

არსებული გამოწვევების მიუხედავად, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის გაგრძელება 2021 წლის აპრილამდე ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოლიტიკისადმი სანდოობის შენარჩუნებას. 

რაც შეეხება რეიტინგის შესაძლო სამომავლო გაუმჯობესებას, საგარეო მოწყვლადობის შემცირება, მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფისკალური კონსოლიდაცია დადებითად აისახება მომავალ შეფასებაზე.

კომენტარები