ირაკლი შოთაძე

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ირაკლი შოთაძეს მხარი დაუჭირა

0 კომენტარი
ირაკლი შოთაძე ფოტო: ტაბულა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, გენერალური პროკურორობის ერთადერთ კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მხარი დაუჭირა.

ირაკლი შოთაძის მოსმენა ოპოზიციის მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

შოთაძის კანდიდატურას კენჭს სესიაზე უნდა უყარონ, მას პარლამენტის დეპუტატთა 76-ხმიანი მხარდაჭერა სჭირდება. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ 7 თებერვალს წარადგინა

შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტს 2015 წლიდან 2018 წლის მაისამდე იკავებდა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ამ თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო აქციები დაიწყო, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, დავით სარალიძის მკვლელი არ იკვეთებოდა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა.

გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე 14 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

მოსამართლე თადუმაძის პირველი გადაწყვეტილება ოპოზიციური ლიდერის, ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, 3 წლითა და 2 თვით დაპატიმრება იყო. უგულავას წინააღმდეგ ამ საქმეზე სარჩელის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები