სახალხო დამცველის ინფორმაციით, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პრობლემურია მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ომბუდსმენის აპარატი აღნიშნავს, რომ ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. ნინო ლომჯარიამ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი 14 თებერვალს მოინახულა.
"პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ" - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ომბუდსმენის ცნობით, სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს.
"ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები" - აცხადებს სახალხო დამცველი და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, დროულად უნდა მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ზრდა.