ოპოზიციის აქცია

პარლამენტთან აქცია დაიწყო - ოპოზიცია და აქტივისტები შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ

ტაბულა

პარლამენტთან აქცია-პიკეტი დაიწყო, ოპოზიცია და აქტივისტები პარლამენტის შესასვლელებთან სირცხვილის კორიდორებს აწყობენ, რითაც გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ. დეპუტატების მანქანების პარლამენტის ეზოში შესვლისას აქტივისტები სკანდირებენ "მონა"-ს და საყვირებით გამოხატავენ პროტესტს. 

აქციაზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. სამართალდამცველები დემონსტრანტებს შორის დგანან და ჟურნალისტებს კორდონებს შორის უწევთ მუშაობა.

აქციაზე აქტივისტებსა და პოლიციის ერთერთ თანამშრომელს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. პოლიციელმა მათ მოსთხოვა, გზის სავალი ნაწილი არ დაეკავებინათ.  


ფოტო: ტაბულა

ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, დღევანდელ სესიაზევე უყრიან თუ არა კენჭს მთავარი პროკურორობის ერთადერთ კანდიდატს. პარლამენტის ბიუროს სხდომა დღეს 11:00-ზე, ხოლო პლენარული - 12:00-ზეა ჩანიშნული.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ პარლამენტს 7 თებერვალს წარუდგინა. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი შოთაძეს მხარს დაუჭერს.

ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტს 2015 წლიდან 2018 წლის მაისამდე იკავებდა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ამ თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო აქციები დაიწყო, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, დავით სარალიძის მკვლელი არ იკვეთებოდა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა.

გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე 12 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

კომენტარები