მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: ერთ მომიტინგეზე მოდის 1 ჟურნალისტი, 2 ოპერატორი და 10 პოლიციელი

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, საპროტესტო აქციაზე, რომელიც პარლამენტთან მიმდინარეობს, ცოტა ადამიანია და ერთ მომიტინგეზე 1 ჟურნალისტი, 2 ოპერატორი და 10 პოლიციელი მოდის.

მან ჟურნალისტებსაც უთხრა, რომ ოპოზიციას "მსგავსი პერფორმანსების მოწყობაში თავადაც ეხმარებიან".

"ისიც არ არის გადაწყვეტილი, შოთაძის კენჭისყრა დღეს იქნება თუ ხვალ. რას აპროტესტებენ. დღეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ თალაკვაძის ანგარიში, ჯობია, მოუსმინონ, რას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტი მუშაობს, უამრავ საქმეს აკეთებს და მოქალაქეების საჭიროებაზე ორიენტირებულ უამრავ კანონპროექტს იღებს. ამას მოუსმინონ ჯობია. ერთ მომიტინგეზე მოდის 1 ჟურნალისტი, 2 ოპერატორი და 10 პოლიციელი და უხერხულია უკვე.

თქვენც [ჟურნალისტები] ეხმარებით ამ ადამიანებს, რომ ეს პერფორმანსები დაიდგას",- თქვა მდინარაძემ.

პარლამენტთან აქცია-პიკეტი დილით დაიწყო. ოპოზიცია და აქტივისტები პარლამენტის შესასვლელებთან სირცხვილის დერეფნებს აწყობენ, რითაც გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ. დეპუტატების მანქანების პარლამენტის ეზოში შესვლისას აქტივისტები სკანდირებენ "მონა"-ს და საყვირებით გამოხატავენ პროტესტს.

აქციაზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. სამართალდამცველები დემონსტრანტებს შორის დგანან და ჟურნალისტებს კორდონებს შორის უწევთ მუშაობა.

აქციაზე აქტივისტებსა და პოლიციის ერთერთ თანამშრომელს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. პოლიციელმა მათ მოსთხოვა, გზის სავალი ნაწილი არ დაეკავებინათ.

ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, დღევანდელ სესიაზევე უყრიან თუ არა კენჭს მთავარი პროკურორობის ერთადერთ კანდიდატს. პარლამენტის ბიუროს სხდომა დღეს 11:00-ზე, ხოლო პლენარული - 12:00-ზეა ჩანიშნული.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ პარლამენტს 7 თებერვალს წარუდგინა. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი შოთაძეს მხარს დაუჭერს.

ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტს 2015 წლიდან 2018 წლის მაისამდე იკავებდა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ამ თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო აქციები დაიწყო, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, დავით სარალიძის მკვლელი არ იკვეთებოდა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა.

გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე 12 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები