თალაკვაძე: შოთაძე წინა მთავრობის მაღალჩინოსნების საქმეებს ხელმძღვანელობდა, პროფესიონალია

"ის ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეებს ხელმძღვანელობდა, როდესაც წინა ხელისუფლების კორუმპირებულ და რიგ შემთხვევებში მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულ მაღალჩინოსნებს მართლმსაჯულება შეეხო", - ასე პასუხობს არჩილ თალაკვაძე კითხვას, რატომ აბრუნებს ხელისუფლება ირაკლი შოთაძეს მთავარი პროკურორის პოსტზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ "შესაბამისად, მას ნამდვილად აქვს მართვის გამოცდილება".

"შოთაძის მუშაობის პერიოდში პროკურატურა იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური. მინდა გავიხსენო არაერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც უკავშირდებოდა ორგანიზებულ დანაშაულს, ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ტრეფიკინგს, ნარკოტრაფიკის საქმეებს და ა.შ. ის ერთ-ერთი პროფესიონალი პროკურორია". - ამბობს თალაკვაძე.

მისივე თქმით, როცა ხორავას ქუჩის საქმესთან კითხვის ნიშნები გაჩნდა, შოთაძემ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო და თანამდებობიდან გადადგა, რითაც ყველას აჩვენა, რომ მისთვის მთავარი მორალური პრინციპები და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაა.

"გადადგომის შემდეგ, ამ საქმის გამოძიება გაგრძელდა და პასუხისგებაში მიეცა არაერთი პირი. ჩვენ ვნახეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების განცხადებები, სადაც ისინი ჩატარებულ გამოძიებას საბოლოო ჯამში, დადებით შეფასებას აძლევენ. შესაბამისად, ამ საქმეზე კითხვები დიდწილად მოხსნილია",- თქვა თალაკვაძემ.

ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტს 2015 წლიდან 2018 წლის მაისამდე იკავებდა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ამ თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო აქციები დაიწყო, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, დავით სარალიძის მკვლელი არ იკვეთებოდა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა.

გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე 12 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

შოთაძის პროკურორობის დროს მოხდა "ციანიდის საქმე", როდესაც დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის გარემოცვის წევრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და მოგვიანებით 9-წლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს. ირაკლი შოთაძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც თქვა, რომ დანაშაული პატრიარქის წინააღმდეგ მზადდებოდა, თუმცა, მოგვიანებით, პროკურატურამ განცხადება შეცვალა.

ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის დროს საქართველოდან გაიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა. ის ილჰამ ალიევის კორუფციული სქემების გამოვლენაზე მუშაობდა. მუხთარლი გატაცებიდან რამდენიმე საათში ბაქოში აღმოჩნდა, სადაც რამდენიმე მუხლით დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს. მისი ცოლი, ლეილა მუსტაფაევა პროკურატურას უშედეგოდ სთხოვდა გატაცების საქმის გამოძიებას.

ასევე, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოში გასაუბრებისას თავადვე აღიარა, რომ მთავარი პროკურორობის დროს ბიძინა ივანიშვილის სახლში მამუკა ხაზარაძესთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრას დაესწრო.

კომენტარები