შოთაძის დაბრუნება

შოთაძის კანდიდატურას კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განხილვის გარეშე უყრიან

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭს განხილვის გარეშე უყრიან - შოთაძე პარლამენტის წინაშე მოხსენებით არ წარსდგება და არც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დააყენა. მისი თქმით, გუშინ, 17 თებერვალს შოთაძის მოსმენა სრულფასოვნად ჩატარდა, რის გამოც "მიზანშეწონილი არ არის ეს საკითხი პოლიტიკურ თემად კიდევ ერთხელ იქცეს".

„მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენ 7 საათის განმავლობაში ვუსმენდით გენერალური პროკურორობის კანდიდატს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კიდევ ერთი ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით განხილვის პროცესი დაამკვიდრა გენერალური პროკურორის არჩევის პროცესში. ყველა დაინტერესებულ მხარეს, იქნებოდა ეს საპარლამენტო უმრავლესობის თუ საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ჰქონდა სრული შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ დეტალური პასუხები. ჩვენ ასევე იმ მოქალაქეებს მივეცით კომიტეტზე დასწრების და კითხვის დასმის შესაძლებლობა, რომლებმაც კომიტეტს მომართეს.

საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა წარიმართა და ჩვენ რეგლამენტის სრული დაცვით უზრუნველვყავით კენჭისყრის პროცესის განხორციელება. შესაბამისად, ვინაიდან ასეთი დეტალური განხილვა იყო, მე ბიუროს ვთხოვე, რომ ჩვენ ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე მხოლოდ კენჭისყრაზე დავაყენოთ და აღარ არის მიზანშეწონილი ეს საკითხი ვაქციოთ პოლიტიკურ თემად. ვინაიდან თუკი ვინმეს ჰქონდა სურვილი და ინტერესი, მათ შორის ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც გუშინ პერფორმანსი მოაწყვეს, მათაც ჰქონდათ შესაძლებლობა კომიტეტს დასწრებოდნენ. ამიტომ პირველი მოსმენით დადგენილი წესით, პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე შეგვიძლია, პირდაპირ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი", - თქვა ოხანაშვილმა.

ქართული ოცნება შოთაძის კანდიდატურის მხარდაჭერას გეგმავს, ოპოზიცია კი ეწინააღმდეგება. პარლამენტის შენობასთან რამდენიმე საათის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები