ჩინეთის კვლევა: ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების 5-დან 4 შემთხვევა არამწვავეა

Daily News Hungary

17 თებერვალს ჩინეთს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა ჩინეთის ეპიდემიოლოგიის ჟურნალში ახალი კვლევა გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ ჩინეთში ახალი კორონავირუსის 40 672 შემთხვევების 80.9% არამწვავე იყო. ჩინეთის ჯანდაცვის მაღალჩინოსნებმა 11 თებერვლის მონაცემები შეისწავლეს. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ჩინეთს ჯანდაცვის კომისიაში დაქვემდებარებული სახელმწიფო სააგენტოა.

როგორც კვლევის ავტორები ირწმუნებიან, დაავადებულთაგან 80.9%-ის შემთხვევა არამწვავე იყო, 13.8% - მწვავე, ხოლო 4.7%-ის შემთხვევაში კი კრიტიკული. 

ჩინელი მაღალჩინოსნების მიერ გამოქვეყნებული კვლევით, მთლიანობაში ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2.3% არის, ხუპეის პროვინციაში ეს რიცხვი 2.9%, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ნაწილში 0.4% არის.

მართალია, მთლიანობაში ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2.3% არის, თუმცა 80 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ეს პროცენტულობა იზრდება. 60-69 წლის ადამიანებისთვის 3.5%, 70-79 წლის - 8%, ხოლო 80 წელს გადაცილებულთათვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის 15% არის. აღსანიშნავია, რომ ასაკოვანი ადამიანები ვირუსით დაავადების რისკ ჯგუფებში არიან.

მამაკაცების გარდაცვალების პროცენტულობა 2.8% არის, ხოლო ქალების შემთხვევაში ეს რიცხვი არის 1.7%.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ კარდიოვასკულარული დაავადების, დიაბეტის, ქრონიკული რესპირატორული დაავადების ან ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები რისკ ჯგუფებში არიან.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ჯამში 3 019 მედიკოსი დაინფიცირდა, აქედან კი 1 716-ს კორონავირუსის შემთხვევა დაუდასტურდა. 11 თებერვლის მონაცემები, მათგან 5 გარდაიცვალა.

"როგორც ჩანს, Covid-19 (ახალი კორონავირუსის ახალი დასახელება) არც ისე მომაკვდინებელია, როგორც სხვა კორონავირუსები, მათ შორის SARS და MERS," - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედ როსადჰანომმა.

ჯანმო-ს დირექტორმა განაცხადა, რომ პაციენტების 80%, რომელთა დაავადების ხარისხი არამწვავე იყო, გამოჯანმრთელდებოდნენ.

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსი ბავშვებს ისე არ გადაჰქონდათ, როგორც ზრდასრულებს და ამის გასარკვევად მეტი კვლევის ჩატარება იყო საჭირო.

ამჟამინდელი ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით სულ 1 874 ადამიანი დაიღუპა და 73 336 დაავადდა. მხოლოდ გუშინ ვირუსს 98 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 93 ვირუსის ეპიცენტრში, ხუეპის პროვინციაში. დაავადებულთაგან ახლანდელი ინფორმაციით, სულ 13 049 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ჩინეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევების 94% ვირუსის ეპიცენტრში, ხუპეის პროვინციზე მოდის. კონტინენტური ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაავადებულია 694 ადმიანი, რომელთაგანაც 4 დაიღუპა.

18 თებერვალს ვუხანის ვუჩანგის საავადმყოფოს დირექტორი, 51 წლის ლიუ ჭმინგი ახალი კორონავირუსით დაიღუპა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი კვლავ დაბალია, ქვეყანა "მწვანე ზონაში" რჩება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ახალი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს დადასტურდა, რომ ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

20 იანვარს ჩინეთში განაცხადეს, რომ ახალი ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

26 იანვარს ჩინეთის ეროვნული კომისიის მინისტრმა მა სიაოვეიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება ინკუბაციის პერიოდშიც შესაძლებელია, რომელიც 1-დან 14 დღემდე გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებულ ადამიანს შესაძლოა სიმპტომები არ აღენიშნებოდეს, თუმცა ვირუსის გადამდები იყოს.

ახალი კორონავირუსისთვის თავდაცვითი ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს და მისი მართვა სიმპტომურია.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. ასევე ქვეყებმა ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავიანთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინეს.

კომენტარები