უკრაინა

ზელენსკი დონბასში თავდასხმაზე: ეს სამშვიდობო პროცესისათვის ხელის შეშლას ემსახურება

0 კომენტარი
ვოლოდიმირ ზელენსკი ფოტო: Ukrainian Presidential Press service

უკრაინის დონბასის რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების მიერ განხორციელებულ შეტევას ერთი უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიჭრა 4. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს ცინიკური პროვოკაცია უწოდა და თქვა, რომ ეს სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ემსახურება. მან უშიშროების საბჭოს საგანგებო შეკრება მოიწვია.

"ეს უბრალოდ ცინიკური პროვოკაციაა არაა, ამის მიზანია დონბასში სამშვიდობო პროცესისათვის ხელის შეშლა, რომელიც მცირე, მაგრამ მუდმივი ნაბიჯებით წინ მიიწევს." თქვა ზელენსკიმ.

კონფლიქტი დონბასის რეგიონში უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, რუსებმა 240 ბავშვი მოკლეს, ხოლო 56 ამ დრომდე დაკარგულად ცხადდება. კონფლიქტში დაახლოებით 30 000 ადამიანი დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება ოკუპირებული დონბასის სეპარატისტებს.

24 აპრილს პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულ დონბასში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის აღება გაამარტივა.

უკრაინა და რუსეთი საფრანგეთისა და გერმანიის მონაწილეობით ნორმანდიული ოთხეულის კიდევ ერთი სამიტისათვის ემზადებიან. გასულ კვირას შედგა სატელეფონო საუბარი ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის.

გასული წლის სექტემბერში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრისას “შტაინმაიერის ფორმულა” განიხილეს, რაც დონბასის რეგიონში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.

ფორმულის მიხედვით, არჩევნების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს თვითმმართველობის სპეციალური სტატუსი ექნება. არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით უკრაინის საარჩევნო კომისიამ უნდა ჩაატაროს და მას ეუთო დააკვირდება. იმ შემთხვევაში, თუ ეუთო დაასკვნის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, რეგიონს თვითმმართველი სტატუსი მიენიჭება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით არჩევნების ჩატარების მთავარი პირობაა ტერიტორიიდან რუსული ძალების და რუსების მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების გასვლა.

ზელენსკის გადაწყვეტილებას უკრაინაში პროტესტი მოჰყვა - მოსახლეობის ნაწილი მის ნაბიჯს კაპიტულაციად აფასებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები