ირაკლი შოთაძის დაბრუნება

ვოლსკი შოთაძის ხელახლა დანიშვნაზე: დარწმუნებული ვარ, პროკურატურა თავის სიმაღლეზე იქნება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ირაკლი შოთაძის მეორედ დანიშვნის შემდეგ, გენერალური პროკურატურა "თავის სიმაღლეზე იქნება". 

კითხვაზე, რამდენად იქნება პროკურატურა თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან, ვოლსკი პასუხობს, რომ საერთაშორისო, საზოგადოებრივი და მედია სივრცე იმდენად კრიტიკულია, რომ ვერავინ და ვერც პროკურორი, მათ შორის ირაკლი შოთაძე, "ვერ გაბედავს, რომ გადაწყვეტილება მიკერძოებულად მიიღოს". 

"მე კონკრეტულ საქმეებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ მე არ მახსოვს გახმაურებული საქმეები, რომელიც არსებობდა, უყურადღებოდ იყოს დარჩენილი. მე მგონია, რომ ყველა თემას, რომელზეც კრიტიკული შეკითხვები დაისვა, უახლოეს პერიოდში უნდა გაეცეს პასუხი"- ამბობს ვოლსკი. 

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს.

ანრი ოხანაშვილის ინიციატივით და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ირაკლი შოთაძეს პლენარულ სხდომაზე კენჭი განხილვის გარეშე უყარეს. მას დღევანდელ სესიაზე არც მოხსენება წარუდგენია და არც დეპუტატების კითხვებისთვის უპასუხია. პლენარულ სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა ოპოზიცია. 

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ პარლამენტს 7 თებერვალს წარუდგინა. ქართული ოცნების დეპუტატები თავიდანვე ამბობდნენ, რომ მმართველი გუნდი შოთაძეს მხარს დაუჭერდა, რადგან ის "ღირსეული და პროფესიონალია".

ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტს 2015 წლიდან 2018 წლის მაისამდე იკავებდა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ამ თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო აქციები დაიწყო, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, დავით სარალიძის მკვლელი არ იკვეთებოდა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა.

გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე 12 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები