იუკოსი

რუსეთს ხოდორკოვსკისა და მისი ყოფილი პარტნიორებისთვის $50 მილიარდის გადახდა ეკისრება

Reuters

ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საერთაშორისო საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციას კომპანია იუკოსის ყოფილი მეწილეებისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა 2016 წელს ჰააგის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც რუსეთს კომპანიის მეწილეებისთვის კომპენსაცია არ უნდა გადაეხადა - სასამართლომ მაშინ მიიჩნია, რომ არბიტრაჟს საამისო იურისდიქცია არ გააჩნდა. ამას გარდა, საოლქო სასამართლოს თქმით, რუსეთს იმ ხელშეკრულების რატიფიცირება არასდროს მოუხდენია, რომელსაც საარბიტრაჟო სასამართლო ეყრდნობოდა.

რუსეთის ფედერაცია აპირებს, უკანასკნელი გადაწყვეტილებაც გაასაჩივროს.

ჰააგის მუდმივმოქმედმა საარბიტრაჟო სასამართლომ აღნიშნული თანხის გადახდა რუსეთს 2014 წელს დააკისრა. საარბიტრაჟო სასამართლოს დასკვნით, რუსული სახელმწიფო ორგანოები კომპანიის გაკოტრებისთვის, მისი მთავარი მფლობელის მიხაილ ხოდორკოვსკის დასაპატიმრებლად და მისთვის ქონების უკანონოდ ჩამოსართმევად სასამართლო და საკანონმდებლო სისტემებით მანიპულირებდნენ.

კომენტარები