ავღანეთი

ავღანეთის არჩევნების შედეგები 5 თვის შემდეგ ცნობილია - პრეზიდენტი კვლავ აშრაფ ღანი იქნება

0 კომენტარი
აშრაფ ღანი ფოტო: Reuters

ავღანეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან 5 თვის შემდეგ შედეგები ცნობილია - პრეზიდენტი კვლავ აშრაფ ღანი იქნება.

მან ხმათა 50.64% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა აბდულა აბდულამ კი 39.52%. ღანის ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნები ხარვეზების და ტექნიკური პრობლემების ფონზე წარიმართა და შედეგები გაყალბებულია. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

ქვეყნის საარჩევნო კომისიამ გამოავლინა დარღვევების შემთხვევები. მათ საეჭვოდ მიიჩნიეს 137.000 ბიულეტენი და ასევე აღმოაჩინეს, რომ ხმების დათვლისას უბნების დახურვის შემდეგ მიცემული 12.012 ხმა ვალიდურად იყო ჩათვლილი.

ავღანეთის 37 მილიონიანი მოსახლეობიდან დარეგისტრირებული იყო 9.6 მილიონი, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა 1.82 მილიონმა ადამიანმა მიიღო. მიზეზი თალიბანის მუქარა იყო საარჩევნო უბნებზე თავდასხმის თაობაზე. კიდევ ერთ მიზეზად სახელდებოდა 2014 წლის არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზები. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგები 3 კვირაში უნდა ყოფილიყო ცნობილი, თუმცა დარღვევებისა და ხარვეზების გამო 5 თვით შეყოვნდა.

ამომრჩეველთა ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი იმიტომაც თქვა, რომ მთავარ კანდიდატებს კვლავ ის პირები წარმოადგენდნენ, ვინც 2014 წლის არჩევნებში იყრიდა კენჭს. ორივე მათგანს პოსტზე ყოფნისას კორუფციაში ადანაშაულებენ.

არჩევნებში მონაწილეობას სულ 13 კანდიდატი იღებდა, თუმცა მთავარი კანდიდატები პრეზიდენტი აშრაფ ღანი და მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი აბდულა აბდულა იყვნენ. აღმასრულებელი ოფიცრის პოსტი 2014 წელს შეიქმნა, როდესაც უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ღანიმ და აბდულამ გამოაცხადეს. ამგვარად მათ საერთო მთავრობა შექმნეს.

მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ მთავრობაში მათი ყოფნის პერიოდში უკეთესობისაკენ არაფერი შეცვლილა. გაეროს მონაცემებით ქვეყანაში უმუშევრობა 25%-ია, მოსახლეობის 55% კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

პარალელურად გრძლედება მოლაპარაკებები აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელსა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის. გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით თალიბანთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს და ეს ცნობილი თებერვლის ბოლოს გახდება.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდათ, ხოლო აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა თქვა, რომ ამჟამად მხარეები ძალადობის 7-დღიან შემცირებას განიხილავენ, რაც აღიქმება როგორც ტესტი იმისა, შეუძლიათ თუ არა თალიბანის ლიდერებს საკუთარი მებრძოლების გაკონტროლება.

თალიბანი დეკემბრიდან აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან ზალმაი ხალილზადთან კატარში აწარმოებს მოლაპარაკებებს და ღანის მთავრობასთან საუბარზე უარს ამბობს, რადგან მათ დასავლეთის მარიონეტებად მიიჩნევენ.

ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით მოლაპარაკებების მიმდინარეობის პარალელურად თალიბანის მხრიდან, რომელიც ავღანეთის ტერიტორიის 40%-ს აკონტროლებს, თავდასხმები არ წყდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები