ისრაელი

ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი 17 მარტს დაიწყება

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი 17 მარტს, ქვეყანაში არჩევნების გამართვიდან 2 კვირაში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია ისრაელის იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა. ნეთანიაჰუ იერუსალიმის სასამართლოში პირველ სესიას უნდა დაესწროს და ბრალდება მოისმინოს. მის საქმეს სამი მოსამართლისაგან შემდგარი პანელი განიხილავს.

ნეთანიაჰუ ისრაელის პირველი პრემიერმინისტრია, რომელსაც გაასამართლებენ. მას ბრალად კორუფცია ედება. თავად ნეთანიაჰუ ბრალდებას უარყოფს.

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. 

ნეთანიაჰუს ბრალად ედება მდიდარი ბიზნესმენისგან საჩუქრების მიღება, რასაც ნეთანიაჰუ არ აღიარებს და ამბობს, რომ ის თავისი მემარცხენე ოპონენტებისა და მედიის მიერ "კუდიანებზე დევნის" მსხვერპლია.

სასამართლო პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე ან წელს გაგრძელედეს. მისი მიმდინარეობისას ნეთანიაჰუ ვალდებული არაა პოსტი დატოვოს.

2 მარტს ისრაელში კიდევ ერთი განმეორებითი არჩევნებია დანიშნული მას შემდეგ, რაც გასულ ორ არჩევნებზე უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პარტიამ შეძლო და ვერც ნეთანიაჰუმ და ვერც მისმა მთავარმა ოპონენტმა ბენი განცმა სამთავრობო კოალიცია ვერ ჩამოაყალიბეს.

კომენტარები