რუსეთი

ვლადიმირ პუტინმა მისი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი პოსტიდან გაათავისუფლა

ვლადისლავ სურკოვი და ვლადიმირ პუტინი
GettyImages

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მისი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი პოსტიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილება ძალაში პუტინის მიერ ხელმოწერისთანავე შევიდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სურკოვი პოსტს დატოვებდა იანვრის ბოლოს გავრცელდა. მისი გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა სურკოვთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ის უკრაინასთან დაკავშირებით კურსის ცვლილებით უკმაყოფილო იყო.

სურკოვი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-სთან, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან თანამშრომლობის მიმართულების კურატორად 2013 წელს დაინიშნა. მასვე ეხებოდა რუსეთის ურთიერთობის საკითხები დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებთან. მანამდე, 2011-2013 წლებში ის ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა.

უკრაინა სურკოვს აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტების უშუალო ხელმძღვანელობაში ადანაშაულებდა. 2015 წელს უკრაინის უშიშროების  სამსახურმა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებისთვის სამოქმედო ინსტრუქციას წარმოადგენდა. კერძოდ, სურკოვმა სეპარატისტებს მიუთითა, რომ უარი ეთქვათ რეგიონში გაერო-ს სამშვიდობო ძალების განლაგებაზე. ამავე წელს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სურკოვი ევრომაიდანზე სნაიპერების ხელმძღვანელობაში დადანაშაულა.

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ სურკოვი აშშ-ის და ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა. მას გაყინული აქვს ანგარიშები და აკრძალული აქვს ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ-ში ჩასვლა.

სურკოვის გათავისუფლების პარალელურად უკრაინა და რუსეთი საფრანგეთისა და გერმანიის მონაწილეობით ნორმანდიული ოთხეულის კიდევ ერთი სამიტისათვის ემზადებიან. გასულ კვირას შედგა სატელეფონო საუბარი ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის. მიუხედავად ამისა ოკუპირებულ დონბასში გრძელდება რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების თავდასხმა, რასაც დღეს ერთი უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. ზელენსკიმ თქვა, რომ ეს ცინიკური პროვოკაციაა და სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ემსახურება.

გასული წლის სექტემბერში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრისას “შტაინმაიერის ფორმულა” განიხილეს, რაც დონბასის რეგიონში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.

კომენტარები