აჭარის ტელევიზია

ლომჯარია: აჭარის ტვ-ში ნებისმიერმა ცვლილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მედიაგარემოზე

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დასასწრებად მივიდა. 

მრჩეველთა საბჭომ დღეს უნდა გადაწყვიტოს, დაუჭერს თუ არა მხარს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ინიციატივებს, რომლებიც საშტატო განრიგის ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობების გაუქმებას.

თუ კოხრეიძის ინიციატივას საბჭო მხარს დაუჭერს, მაუწყებლის დატოვება მოუწევს მაია მერკვილაძეს, რომელიც სწორედ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებს და როგორც თანამშრომლები ამბობენ, ერთ-ერთია, ვინც არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები უკვე რამდენიმე თვეა, აჭარის უმაღლესი საბჭოს, მმართველი გუნდის და ტელევიზიიზ ახლადდანიშნული დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ.

ლომჯარია განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს და მრჩეველთა საბჭოს მოუწოდებს არ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელსაც უარყოფითი გავლენა ექნება მედია დამოუკიდებლობაზე. 

"უკვე მეორეჯერ მოვედი ამ ტელევიზიაში, რადგან შეშფოთებული ვარ განვითარებული მოვლენებით. ბოლო ვიზიტის დროს ვესაუბრე მენეჯმენტს, მივიღე დაპირებები, რომ ცვლილებები იქნებოდა წმინდა ადმინისტრაციული ხასიათის, თუმცა სამწუხაროდ განვითარებული მოვლენები მიძლიერებს ეჭვებს, რომ ცვლილებები მიმართული არის არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ. ამიტომ მინდა ვუთხრა მრჩეველთა საბჭოს, გაითვალისწინონ აქ დასაქმებული ადამიანების აზრი და გაითვალისწინოს ის, რომ ნებისმიერი ცვლილება, რაც შეიძლება ამ ტელევიზიაში მოხდეს უარყოფითად შეიძლება აისახოს მთლიანად ქვეყანაში მედია დამოუკიდებლობის ხარისხზე" - თქვა ლომჯარიამ. 

სახალხო დამცველი ასევე გამოეხმაურა მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად ქართული ოცნების მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციას და თქვა, რომ ეს კიდევ ერთხელ აძლიერებს იმ ეჭვებს, რომ ტელევიზიაში ცვლილებებს აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული. 

აჭარის ტელევიზიის ცნობით, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა თქვეს, რომ გუშინ საინფორმაციო სამსახურში დარეკეს, სურდათ თორნიკე რიჟვაძისთვის მადლობა გადაეხადათ, რადგან სოციალური სახლის ფუნდამენტი ჩაისხა. ჟურნალისტები კი ამ ინტერვიუს ჩასაწერად ადგილზე არ მივიდნენ. ასევე, ადამიანები, რომლებიც საკუთარ ვინაობას არ ასახელებენ, ამბობენ, რომ ტელევიზია უნდა ეკუთვნოდეს ხალხს, არ უნდა იყოს მიკერძოებული და მხოლოდ პრობლემებს არ უნდა აშუქებდეს.

კომენტარები