საბჭოთა კავშირის ჰიმნი პარლამენტში

მდინარაძე: რუსეთის ჰიმნის ჩართვა პარლამენტში ზვიად გამსახურდიას უმძიმესი შეურაცხყოფაა

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ევროპული საქართველოს დეპუტატების მიერ 18 თებერვლის სხდომაზე პარლამენტის სპიკერის სიტყვით გამოსვლის დროს საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და იუნკერების შეურაცხყოფაა. 

"რუსული ჰიმნი საქართველოს პარლამენტში არის უმძიმესი შეურაცხყოფა იუნკერების, ეს არის უმძიმესი შეურაცხყოფა იმ ადამიანის, ვისი სახელობისაც არის ეს დარბაზი, ზვიად გამსახურდიას და ფაქტის, რომ ამ დარბაზში შედგა ხელმოწერა დამოუკიდებლობის აქტის,"- ამბობს მდინარაძე. 

დეპუტატის თქმით, ოპოზიცია დღეს გადასულია "ახალგაზრდა კაცის დაბულინგებაზე", რომელმაც 18 თებერვალს რამდენიმე ადამიანთან ერთად ევროპული საქართველოს ოფისთან აქცია გამართა, სადაც თქვა, რომ "ეკა ხოფერიასთვის აქტივობის შეწყვეტას" ითხოვს.

ევროპული საქართველოს დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა, 18 თებერვლის სესიაზე, სადაც ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, გენერალურ პროკურორად დანიშვნის კენჭისყრას აპირებდნენ, არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს

"ეს არის საბჭოთა კავშირი, ეს არის ამ ხელისუფლების ჰიმნი, ამის ფონზე უნდათ ცხოვრება, მაგრამ არ ექნებათ ამის კომფორტი - ჩვენს ქვეყანაში არ იქნება საბჭოთა კავშირი, მუდმივად ექნებათ მათ ეს დისკომფორტი" - თქვა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები