იდლიბის პროვინცია

სირიელი მამა 3 წლის შვილს დაბომბვის შიშს სიცილით აძლევინებს - ვიდეო

სირიაში, იდლიბის პროვინციაში, მამამ 3 წლის შვილს შიშის დასამარცხებლად ასწავლა, რომ დაბომბვის ხმები სინამდვილეში თამაშის ნაწილია და ყოველი ასეთი ხმის გაგონებაზე უნდა გაიცინონ.

ვიდეო სოციალურ ქსელში თავად აბდულა ალ-მუჰამედმა გაავრცელა და მას უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ვიდეოში ჩანს, რომ სტრესის შესამცირებლად, მამა და შვილი ყოველი ბომბის ხმის გაგონებაზე იცინიან.

"ძალიან ბევრი დაბომბვა იყო. ბავშვები იტანჯებოდნენ ფსიქოლოგიური პრობლემისა და ნერვული შეტევებისგან. მე მოვძებნე გამოსავალი, როგორ მექცია დაბომბვის ხმები სიხარულის წყაროდ და არა შიშის გამომწვევად ბავშვებისთვის", - უთხრა მამამ Independet-ს.

---

იდლიბის პროვინციაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვითარება ძალიან დაძაბულია.

იდლიბი სირიის ბოლო აქტიური აჯანყებული ანკლავია. თურქეთის მოსაზღვრე პროვინციაში, ძირითადად თავმოყრილი არიან დევნილები და ის ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო ომში სირიის თავისუფალი არმიის რიგებში იბრძოდნენ. არსებული ინფორმაციით, იდლიბი 3,5 მილიონი დევნილის თავშესაფარია. 

აჯანყებულებს სამოქალაქო ომის წლებში მხარს თურქეთი უჭერდა, ამასთანავე იდლიბს თურქეთისთვის სტრატეგიული მნიშვნლობა აქვს. სწორედ, აქ უნდა ააშენოს თურქეთმა მილიონზე მეტი დევნილისთვის დროებითი თავშესაფარი, რომელსაც გერმანიის მთავრობა აფინანსებს. 

ამ გეგმის ჩაშლის შემთხვევაში თურქეთს დევნილთა დიდი მასა მიაწყდება, რამაც შესაძლოა 2015-2016 წლების მსგავსი მიგრანტების კრიზისი განაპირობოს. პრობლემური საკითხის გადაწყვეტას თურქეთი და რუსეთი წინა წლებში ორჯერ შეეცადნენ. მათ შორის გაფორმდა ასტანისა და სოჩის შეთანხმებები. გარიგების მიხედვით, იდლიბი ცხადდებოდა დემილიტარიზებულ ზონად და შეჩერებულიყო საბრძოლო მოქმედებები. 

ამის საპირისპიროდ, გასული წლების განმავლობაში შეიარაღებული დაპირისპირება არცერთი დღით არ შეწყვეტილა. რუსეთში და სირიაში ამბობენ, რომ იდლიბში ისლამისტი ბოევიკები და ტერორისტები მოქმედებენ, ხოლო თურქეთი ორივე სახელმწიფოს მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ადანაშაულებს. 

თებერვლის დასაწყისში, იდლიბის პროვინციაში თურქეთის არმიასა და სირიის არმიას შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. ცნობილი გახდა, რომ ასადის არმიის შეტევების დროს, 9 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შემდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელა თურქეთმაც და თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათი მოქმედებების დროს ასზე მეტი სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა. 

კომენტარები