ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

კანდელაკი: რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორაზე ბარბაროსობის მეტ სივრცეს "ოცნების" ქმედებები აძლევს

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თვითნებობის მეტი სივრცე საქართველოს ხელისუფლების პასიურობის გამო რჩება.

კანდელაკის თქმით, აუცილებელია, ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში საქართველოს საკითხი წამოწიოს.

"საქართველოს მთავრობა ფანატიკურად ეწინააღმდეგება ოკუპაციის საკითხზე ამერიკისა და ევროპის მხრიდან რუსეთზე სანქციების დაწესებას. მაშინ, როდესაც საქართველო თავგამოდებით და გიჟივით ეწინააღმდეგება სანქციებში ჩვენი საკითხის შეტანას, ცხადია, რომ ოკუპანტს აქვს მეტი სივრცე, ასეთი ბარბაროსობა ჩაიდინოს",- ამბობს კანდელაკი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის საზღვრიდან ტვირთებს არ ატარებენ. თითქმის 20 დღეა, მეწარმეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკვები პროდუქტების შეტანა არ შეუძლიათ. მიზეზად ის სახელდება, რომ ტვირთი საბაჟო წესებით გაფორმებული არ არის, თუმცა, მეწარმეების თქმით, წარმოდგენილი მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია.

ეს ცხინვალის რეგიონში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტს და ჰუმანიტარულ კრიზისს ქმნის.

თუმცა, ოკუპირებული რეჟიმი ირწმუნება, რომ საკვების პრობლემა რეგიონში ჯერჯერობით არ არსებობს. ე.წ განათლების მინისტრის, ნინა ჯიოევას თქმით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში 10 დღის საკვების მარაგი არსებობს, მათ შორის, მარაგშია კვერცხი და არაჟანი.

ასევე, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დეფიციტი არც საავადმყოფოებში იგრძნობა.

პარალელურად, ჩაკეტილია ახალგორიც, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას უზღუდავს. შექმნილია ჰუმანიტარული კრიზისი - არის საკვების და მედიკამენტების დეფიციტი.

კრიზისს ისიც ამწვავებს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა შეზღუდა იმ მედიკამენტების გაყიდვა, რომელსაც ქართული წარწერები აქვს.

კომენტარები