ევროპული საქართველო

ხოშტარია პარტიის ოფისთან აქციაზე: სამწუხაროა, რომ ოცნება ასე ეპყრობა ამ ახალგაზრდებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ 18 თებერვალს პარტიის ოფისთან გამართული აქციის ხელწერა ქართულ ოცნებას ეკუთვნის და ამას ისინი ძალიან ხშირად აკეთებენ. 

"ამ ახალგაზრდა ადამიანებმა თავადაც არ იცოდნენ და ადგილზეც უთქვამს რამდენიმეს, რომ არ ვიცი, რაზე ვარ მოსული, პარტიიდან გამომაგზავნესო. სამწუხაროა, რომ ასე ეპყრობიან ამ ადამიანებს,"- ამბობს ელენე ხოშტარია. 

დეპუტატის შეფასებით, თავისთავად რაღაცის პროტესტი არანაირი პრობლემა არაა, თუმცა, ეს ქართული ოცნების მიერ იყო დაორგანიზებული.

"ქართულ ოცნებას ძალიან ეტკინა იმ სახელის დარქმევა, რასაც ის იმსახურებს. ისინი დღეს ემსახურებიან საბჭოთა სისტემას და მის ბელადს,"- თქვა ელენე ხოშტარიამ.

18 თებერვალს პარლამენტის სესიაზე, სადაც ქართული ოცნება ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, იმავე თანამდებობაზე დასაბრუნებლად აპირებდა კენჭისყრას, პარლამენტის სპიკერის, არჩილ თალაკვაძის, სიტყვით გამოსვლის დროს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს

საღამოს ევროპული საქართველოს ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ერთერთი მონაწილე ამბობდა, რომ მისი მოთხოვნა "ეკა ხოფერიასთვის აქტივობის შეჩერება" იყო. 

ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, 19 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა კავშირი პარტიასა და აქციის მონაწილეებს შორის და თქვა, რომ მან პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, გიორგი ჩაკვეტაძისგან მიიღო შეტყობინება, რომ ის "ვერ აკავებდა ამ გოგო-ბიჭებს". 

კომენტარები