ჯულიან ასანჟი

ასანჟის ადვოკატები: ტრამპმა ასანჟს გარიგების სანაცვლოდ შეწყალება შესთავაზა

ჯულიან ასანჟი
Reuters

WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის დაცვის მხარემ ლონდონის სასამართლოში განაცხადა, რომ ასანჟს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეწყალება შესთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ მან თქვას, რომ დემოკრატიული პარტიის ელექტრონული ფოსტის გატეხვაში რუსეთი არ იყო ჩართული.

ადვოკატების თქმით 2017 წლის აგვისტოში ლონდონში ასანჟს ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი დანა რორაბახერი შეხვდა და უთხრა, რომ პრეზიდენტისაგან მიღებული ინსტრუქციების საფუძველზე მას შეწყალებას სთავაზობდა თუ ასანჟი იტყოდა, რომ რუსეთი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დემოკრატიული პარტიიდან მოპარულ დოკუმენტებთან კავშირში არ იყო.

ადვოკატების ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში თავად რორაბახერმა მათი ნათქვამი უარყო და თქვა, რომ ასანჟთან შეხვედრა საკუთარი ინიციატივა იყო და თეთრ სახლს ამისათვის მხარი არ დაუჭერია. ყოფილი კონგრესმენი ირწმუნება, რომ ტრამპთან ასანჟზე არასოდეს უსაუბრია:

"არც ტრამპს და არც მასთან დაკავშირებულ რომელიმე პირს არ უთხოვია ჩემთვის ასანჟთან შეხვედრა. ეს ჩემი მისია იყო ფაქტების მოსაპოვებლად, რომლებიც მიმაჩნდა, რომ ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩემივე ხარჯით. ასანჟისთვის პრეზიდენტის სახელით არაფერი შემითავაზებია, რასგან მას არ წარმოვადგენდი. ასანჟს ვუთხარი, რომ თუ მომაწოდებდა ინფორმაციას იმაზე, თუ ვინ მიაწოდა დემოკრატიული პარტიიდან მოპარული დოკუმენტები, დავურეკავდი ტრამპს და მის შეწყალებაზე გავესაუბრებოდი."

ასანჟის ადვოკატების განცხადებას ტყული უწოდეს თეთრ სახლშიც. ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის პრეს სპიკერმა სტეფანი გირშამმა თქვა, რომ პრეზიდენტი კარგად არ იცნობს რორაბახერს და ამ თემაზე მათ საუბარი არ ჰქონიათ.

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ 2017 წელს რორაბახერმა დაურეკა შტაბის მაშინდელ უფროსს ჯონ კელის, რათა ასანჟთან შესაძლო შეთანხმება განხეილა, მაგრამ კელის მისი გზავნილი პრეზიდენტისთვის არ გადაუცია.

აშშ-ის ასანჟის ექსტრადიციის შესახებ სასამართლო განხილვა ბრიტანეთში მომდევნო კვირას დაიწყება.

აშშ-მა მას 18 ბრალი აქვს წარდგენილი, მათ შორის არის საიდუმლო წყაროების სახელების მისაღებად შეთქმულება და მათი უკანონოდ გამოქვეყნება. საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნება აშშ-ის ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ასანჟი მუდმივად უბიძგებდა მის წყაროებს, რომლებსაც გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, მოეპარათ ეს ინფორმაცია და WikiLeaks-ისთვის მიეწოდებინათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ყოფილი სამხედრო ჩელსი მენინგი დაითანხმა, მას სამხედრო კომპიუტერების პაროლების გატეხვაში ეხმარებოდა.

ასანჟი ამბობდა, რომ აშშ-ში ექსტრადირების შემთხვევაში მას WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ. ყველა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 175 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

2016 წლის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დემოკრატიული პარტიის და ჰილარი კლინტონის კამპანიის სერვერების გატეხვამ და ინფორმაციის მოპარვამ მის რეიტინგზე მოახდინა გავლენა. დოკუმენტები WikiLeaks-მა გამოაქვეყნა.

რორაბახერი 2018 წლამდე კონგრესმენი იყო კალიფორნიის შტატიდან. მას წარსულში არაერთხელ გამოუხატავს მხარდაჭერა რუსეთი და ვლადიმირ პუტინის მიმართ. ის იმასაც კი ირწმუნებოდა, რომ 1990-იან წლებში ის და პუტინი ნასვამები მკლავჭიდში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. 2012 წელს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რორაბახერი გააფრთხილა, რომ რუს აგენტებს სურდათ მისი, როგორც გავლენიანი პირის გადაბირება.

კომენტარები