პეტიცია დასავლელ პარტნიორებს

"ვერ შევეგუებით, რომ შევიცვალოთ მიმართულება და წავიდეთ დიქტატურისკენ" - გია ნოდია პეტიციაზე

0 კომენტარი
გია ნოდია ფოტო: ტაბულა

"ვერ შევეგუებით იმას, რომ შევიცვალოთ მიმართულება და წავიდეთ დიქტატურისკენ" - ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წევრმა გია ნოდიამ თავისუფლების ინსტიტუტში, პეტიციის პრეზენტაციაზე განაცხადა. საქართველოს მოქალაქეები პეტიციით დასავლელ პარტნიორებს მიმართავენ და ქვეყნის თავისუფლების დასაცავად დახმარებას სთხოვენ

"მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მეგობრებს იმის გამო, რომ საქართველოში არის სერიოზული პრობლემა - საქართველოს გზა თავისუფლებისკენ არის შეფერხებული, მივდივართ ნაკლები თავისუფლებისკენ, ნაკლები დემოკრატიისკენ, არის დიქტატურის საფრთხე და ამასთან ერთად, არის ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხე, იმიტომ, რომ საქართველოს ხალხს, საქართველოს მოქალაქეების დიდ უმრავლესობას აქვს მტკიცე ნება, რომ საქართველო იყოს თავისუფალი ქვეყანა.

ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველო ძირითადად მიდიოდა თავისუფლებისკენ, ამიტომ, ვერ შევეგუებით იმას, რომ შევიცვალოთ მიმართულება და წავიდეთ დიქტატურისკენ, განვითარების რუსული მოდელისკენ. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ქმედებები გამოიწვევს პროტესტს და შესაძლოა, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ქვეშ საქართველოში დესტაბილიზაციაც მოხდეს" - თქვა გია ნოდიამ.

საინიციატივო ჯგუფის წევრმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა თუ როგორ განვითარდება ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეების საქმეა, თუმცა, მნიშვნელოვანია სოლიდარობა და მხარდაჭერა საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის მხრიდან.

"საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ეს მოლოდინი და სწორედ ამიტომ მივმართავთ მათ, პეტიციას უკვე ხელი მოაწერა ბევრმა ადამიანმა,  ტექსტი ღია იქნება, რათა კიდევ გაცილებით მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს" - თქვა გია ნოდიამ პრეზენტაციაზე.

თავისუფლების ინსტიტუტში საინიციატივო ჯგუფის და პეტიციის პრეზენტაცია დღეს, 20 თებერვალს გაიმართა. პეტიცია ღიაა და მასზე ხელმოწერა ყველას შეუძლია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები