ევროპული საქართველო

კანდელაკი ტიკარაძეს წერილით მიმართავს, დაინტერესდეს აქციის "კორონავირუსიანი" მონაწილეებით

გხედავ

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს წერილით მიმართა და მოუწოდა, ყურადღება მიაქციოს იმ პირებს, რომლებიც 19 თებერვალს ევროპული საქართველოს ოფისთან გამართულ აქციაზე სამედიცინო პირბადის ტარების მიზეზად კორონავირუსის ქონას ასახელებდნენ. 

წერილში კანდელაკი წერს, რომ თუკი არსებობს მცირედი შანსი მაინც იმისა, რომ მათ ნამდვილად აქვთ კორონავირუსი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტის მიხედვით, ისინი სათანადო პირობებში უნდა მოთავსდნენ, ხოლო თუკი მოიტყუეს, უნდა დაისაჯონ კანონის მიხედვით "პანიკის განზრახ დათესვისთვის". 

"ქალბატონო ეკატერინე, მსურს, თქვენი ყურადღება მივაპყრო კორონავირუსის (COVID 19) საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების შესაძლო რამდენიმე შემთხვევას. გუშინ, პარტია ევროპული საქართველოს ცენტრალურ ოფისთან გამართული აქციის მიმდინარეობისას, რამდენიმე მოქალაქემ საჯაროდ განაცხადა, რომ მათ აქვთ კორონავირუსი და სწორედ ამიტომ იყვნენ შემოსილნი პირბადით. 

ვფიქრობ, აღნიშნული განცხადებები არ შეიძლება, უყურადღებოდ იქნეს დატოვებული. თუკი არსებობს მცირედი შანსი მაინც, რომ აღნიშნულ პირებს მართლაც აქვთ კორონავირუსი, ჯანდაცვის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, მათი სათანადო პირობებში არმოთავსება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს.

ამავე დროს, თუკი აღნიშნულმა პირებმა კორონავირუსის ქონის შესახებ ინფორმაცია განზრახ არასწორად გაავრცელეს, ვერც ეს დარჩება თქვენი და სხვა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების გარეშე, რადგან როგორც ასევე კარგად მოგეხსენებათ, ესოდენ სერიოზული სასიკვდილო საფრთხის შესახებ პანიკის განზრახ დათესვა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დასჯადი ქმედებაა,"- წერია წერილში. 

18 თებერვალს პარლამენტში გამართულ სხდომაზე, სადაც ქართული ოცნება ყოფილი გენერალური პროკურორის ამ თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნისთვის აპირებდა კენჭისყრას, პარლამენტის სპიკერის სიტყვით გამოსვლის დროს ევროპული საქართველოს დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა, ხმის გამაძლიერებლებით სიმბოლურად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.  

ქართული ოცნების აქტივისტებმა ევროპული საქართველოს პარტიის ოფისთან იმავე დღესაც გამართეს აქცია, მეორე დღეს კი ერთერთ რესტორანში სადილობის დროს ელენე ხოშტარიას მიუცვივდნენ, შემდეგ კი კვლავ ოფისის წინ გადაინაცვლეს. ზოგიერთ მათგანს პირბადე ეკეთა, ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ ატარებდნენ პირბადეს, ისინი პასუხობდნენ, რომ კორონავირუსი აქვთ. 

პლატფორმამ "გხედავ" პირბადეებიანი პირების მიღმა ქართული ოცნების აქტივისტების იდენტიფიცირება შეძლო.

აქციის მონაწილეების ქართულ ოცნებასთან კავშირი დაადასტურა ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემაც, რომელმაც თქვა, რომ ის აქციის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერისა და საკრებულოში მმართველი გუნდის დეპუტატის, გიორგი ჩაკვეტაძისგან.  

კომენტარები