რუსული კიბერთავდასხმა

პენტაგონი: ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ

unian.info

“შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელების პირობას დებს და რუსეთს ქვეყანაში მავნე ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდებს,” - ამბობს ამერიკის ხმასთან პენტაგონის წარმომადგენელი ვიცე-პოლკოვნიკი კარლა გლისონი.

საქართველოს, ბრიტანეთის და აშშ-ის ოფიციალური უწყებების ცნობით, 2019 წლის 28 ოქტომბერს  რუსეთის გრუ-მ საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმა განახორციელა.

პენტაგონის განცხადებით, ეს თავდასხმა კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ უთხრის ძირს რუსეთის მავნე ქმედებები გამჭვირვალობას და სტაბილურობას, ასუსტებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და არღვევს მეზობლების სუვერენიტეტს. 

"შეერთებული შტატების პოზიცია მკაფიო რჩება: ჩვენ დავიცავთ ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების ძირითად ინტერესებს და რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას დავაკისრებთ დესტაბილიზაციის გამომწვევი ამ საქმიანობისთვის,"- აცხადებს პენტაგონი ამერიკის ხმის ცნობით.

გლისონი ამბობს, რომ პენტაგონი შეუერთდა "საეთაშორისო თანამეგობრობას რუსეთისადმი მტკიცედ მოწოდებაში, რომ შეწყვიტოს ასეთი ქცევა საქართველოში და სხვა ქვეყნებში. ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას რათა მან საკუთარი უსაფრთხოება და გამძლეობა გააძლიეროს."

------------

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული. 

პარალელურად, განცხადება გაავრცელეს და პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და გაერთიანებული სამეფომ.

გაერთიანებულმა სამეფოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მათ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.

პასუხად ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ "რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას".

 

 

კომენტარები