ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მერაბიშვილი: თუ ვინმე პასუხისმგებელია, ერთერთი პირველი ვარ მე, ყველაზე მაღალი პოსტი მეკავა

"როცა პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, მე ვიძახი, რომ თუ ვინმე პასუხისმგებელია, ერთერთი ყველაზე პირველი ვარ მე, რადგან ყველაზე მაღალი თანამდებობა მე მეკავა" - ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გადაცემა "ღამის მთავარში", მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე თქვა. კერძოდ, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, "რომ არა ვანო მერაბიშვილის შეცდომები და გადაცდომები", ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა. ვანო მერაბიშვილის შეფასებით, წინა ხელისუფლების მთავარი პრობლემა ის იყო, რომ რეფორმების გამოცდილება არ არსებობდა.

"ჩვენ არ უნდა დაგვეშვა ის, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე გასჩენოდა, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები, უფრო მაღლები, უფრო ნიჭიერები, უფრო უკომპრომისოები, რათა არ გამოგვევლინა რაღაც სისუსტეები, არ მიგვეცა საშუალება, რომ ხალხს ჩვენი რაღაც საქციელი შეცდომად [ჩაეთვალა]" - თქვა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ამას ფიქრობდა ყოველთვის, მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყო.

"ბევრ რამეს შევცვლიდი, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ იმ რეფორმას, რასაც ვაკეთებდით, არ ჰქონდა ანალოგი. ანუ არ არსებობდა გაიდლაინი, მაგალითად, რომ დაგუგლოთ, არ არსებობს სახელმძღვანელი პოლიციის რეფორმის, ჩვენ თვითონ გვიწევდა ყოველდღიურად მუშაობა, ახლის მოფიქრება, ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ენერგია... ცუდი ის არის, რომ ასეთი სერიოზული ცვლილებების გამოცდილება არ არსებობდა. არ იყო ჩვენთვის მასწავლებელი, ვინც გვასწავლიდა. მე თავს კი არ ვიმართლებ, მე გიხსნით... ყველაფერს შევცვლიდი ერთი რამის გარდა - ჩვენ ახლაც, როგორც მაშინ, დავიწყებდით ქვეყნის განვითარებას და წინსვლას" - თქვა ყოფილმა პრემიერმა "ღამის მთავარში".

ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს, თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა

კომენტარები