რუსული კიბერთავდასხმა

ბოკერია რუსულ კიბერშეტევაზე: პრობლემაა, რომ ხელისუფლება არაა მზად, ამ საფრთხეებზე იმუშაოს

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, გასული წლის ოქტომბერში მომხდარ კიბერშეტევას ეხმაურება, რომელზე პასუხისმგებლობაც 20 თებერვალს საქართველოს, ბრიტანეთის და აშშ-ის ოფიციალურმა უწყებებმა რუსეთს დააკისრეს.

"ჩვენი პრობლემაა, რომ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ არის მზად, რეალურად იმუშაოს ამ საფრთხეების წინააღმდეგ. უფრო მეტიც, საკუთარი მოქმედებებით ქვეყნის შიგნით ასუსტებს არა მხოლოდ ჩვენს დემოკრატიას, არამედ უსაფრთხოებასაც", - უთხრა ბოკერიამ მთავარს.  

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული.  

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსი განაგრძობს საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, მათ შორის კიბერთავდაცის მხრივ. 

პარალელურად, განცხადება გაავრცელეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიტვამ, პოლონეთმა, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, ჩეხეთის რესპუბლიკამ, ესტონეთმა და დანიის სამეფომ.

გაერთიანებულმა სამეფოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მათ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.

პასუხად ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ "რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას."

კომენტარები