რუსული კიბერთავდასხმა

GRASS: ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს რუსული ჰიბრიდული საფრთხეების სრული სიმწვავე

საქართველოს რეფორმების ასოციაციის შეფასებით, რუსეთის მიერ ორგანიზებული მორიგი ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა მეტყველებს, რომ საქართველო კვლავ რჩება რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ. Grass-ი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, "მსგავსი მტრული ქმედებები, კიდევ უფრო გამწვავდეს საქართველოს 2020 წლის არჩევნების კონტექსტში". რეფორმების ასოციაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაიაზროს რუსული ჰიბრიდული საფრთხეების სრული სიმწვავე.

"17 თებერვალს ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში "საერთაშორისო უსაფრთხოება და ესტონეთი 2020“, სადაც ხაზგასმულია, რომ რუსეთი 2020 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სავარაუდოდ ჩაერევა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაიაზროს რუსული ჰიბრიდული საფრთხეების, როგორც კიბერ, ასევე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საფრთხეების, სრული სიმწვავე და ამ გამოწვევების პრევენციისა და საქართველოს მედეგებობის ზრდის უზრუნველსაყოფად ეფექტური და ყოვლისმომცველი პოლიტიკა შეიმუშავოს და განახორციელოს.

ეს ბუნებრივია რუსეთიდან მომდინარე რეალური საფრთხეების წინააღმდეგ სახელმწიფო რესურსების მობილიზებას გულისხმობს და არა ვიწრო პარტიული მიზნით, პოლიტიკურ ოპონენტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მავნე პროპაგანდისტული ხერხებით ბრძოლას. ამ კონტექსტში, საჭიროა, რომ საქართველოს პარლამენტმა უახლოეს მომავალში დაამტკიცოს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხების შესახებ მოკვლევის ჯგუფის საბოლოო ანგარიში და დაიწყოს მასში გაწერილი რეკომენდაციების აღსრულება, რაც ასევე მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეფექტური და კოორდინირებული სისტემის დანერგვის მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას" - ნათქვამია GRASS-ის განცხადებაში.

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული.  

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსი განაგრძობს საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, მათ შორის კიბერთავდაცის მხრივ.

პარალელურად, განცხადება გაავრცელეს და რუსეთის ქმედებები დაგმეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიტვამპოლონეთმანიდერლანდებმანორვეგიამ, ჩეხეთის რესპუბლიკამ, ესტონეთმა და დანიის სამეფომ.

პასუხად ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ "რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას"

კომენტარები