რუსული კიბერთავდასხმა

ყველაფერი, რაც რუსულ კიბერთავდასხმასა და მის გამოძიებაზე ვიცით

0 კომენტარი

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე კიბერთავდასხმა მოხდა. გაითიშა ათასობით ვებ-გვერდი. 2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმა რუსეთმა განახორციელა. შესაბამისი გამოძიება საქართველომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივად ჩაატარეს. რუსეთის ქმედებები არაერთმა დასავლურმა ქვეყანამ დაგმო.

რა მოხდა

28 ოქტომბერს ჰაკერული თავდასხმა საქართველოს სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე, ასევე, კერძო საიტებზე მოხდა. გაითიშა 15 000-ზე ვებგვერდი, მათ შორის: საქართველოს პრეზიდენტის, საერთო სასამართლოების, სააპელაციო სასამართლოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, უნივერსიტეტების და მედიების საიტები, ასევე, შეფერხდა რამდენიმე ტელეარხის მუშაობა.

ვებ გვერდებზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით - I'LL BE BACK (მე დავბრუნდები).

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს. უწყების განცხადებით, "შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე რომელიმე უცხო ქვეყნიდან"

მომდევნო დღეს, 29 ოქტომბერს ყველა საიტი კვლავ გამართულად მუშაობდა.

რუსეთი კიბერშეტევის უკან

2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარმა სამმართველომ განახორციელა.

უწყების განცხადებით, "კიბერშეტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას".

გამოძიება საქართველომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ერთობლივად ჩაატარეს.

გაერთიანებული სამეფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრი (NCSC) ადგენს, რომ “გრუ” - ძალიან დიდი ალბათობით (95 % +) პასუხისმგებელია საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებულ ვებგვერდების სახეცვლილებაზე, კიბერშეტევებზე და ტელეარხების საქმიანობის შეფერხებაზე".

კანადის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებით, თავდასხმა "გრუ"-ს ე.წ ჭიაყელას ჯგუფის მიერ განხორციელდა.

საერთაშორისო გამოხმაურება

დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთის "გრუს" მიერ საქართველოზე ჰაკერული თავდასხმა მკაცრად დაგმეს.

  • "ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ “გრუ”-ს მიერ განხორციელებული კიბერშეტევები არის მცდელობა შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას. გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად", - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობა.
  • "ასეთი ქმედებები თესავს დაყოფას, ქმნის დაუცველობის განცდას და აკნინებს დემოკრატიულ ინსტიტებს. აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქცევა საქართველოში და სხვაგან. აშშ საქართველოს და ქართველ ხალხს "უცხადებს მხარდაჭერას მათი კიბერუსაფრთხოების გაძლიერებასა და მავნე კიბერაქტორებთან დაპირისპირებაში",- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ საქართველოს კიბერუსაფრთხოების დაცვაში ტექნიკურ მხარდაჭერასაც ჰპირდება.
  • "კანადა მტკიცედ გმობს ამ ბოროტ ქმედებებს. ეს ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში არეულობის დათესვას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, ნორმებისა და შეთანხმებების აშკარა უპატივცემულობას. ეს ერთი საქმეა რუსეთის მიერ ბოროტი ქმედებების განგრძობად სერიაში, რომელიც მათ შორის მოიცავს NotPetya-ს მავნე კომპიუტერული პროგრამის გამოყენებას, რომელმაც უკრაინაში 2017 წელს საგრძნობი არეულობა გამოიწვია და ასევე 2018 წელს საერთაშორისო სპორტული და ანტი-დოპინგური ორგანიზაციების გვერდების დაჰაკვას, მათ შორის კანადაში დაფუძნებული ანტი-დოპინგური სააგენტოსა და სპორტში ეთიკის შესახებ კანადური ცენტრის",- აცხადებს კანადის მთავრობა.
  • "უკრაინა უერთდება საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან რუსეთის ქმედებების დაგმობაში

    განსაკუთრებით ცინიკურია რუსეთის მცდელობები, საერთაშორისო პლატფორმებზე კიბერსივრცის მშვიდობიანი გამოყენების შესახებ ისაუბროს. უკრაინა მხარს უჭერს მათ, ვინც კიბერშეტევის მსხვერპლი და ობიექტია", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

  • "ეს ქმედებები არღვევს კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს ქვევის ნორმებს, რომელიც დადგენილია გაეროს მიერ და აბუჩად იგდებს საერთაშორისო ნორმებზე დამყარებულ წესრიგს",- აცხადებს ნიდერლანდების სამეფო.

  • "საქართველოში კიბეროპერაციების გამო შეშფოთებას ვიზიარებთ. კიბერსივრცეში სტაბილურობისა და საერთაშორისო მშვიდობისთვის აუცილებელია პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს ქცევის ნორმების, წესების და პრინციპების პატივისცემა",- აცხადებს ნორვეგიის მთავრობა.

  • "საქართველოს წინააღმდეგ მსგავსი თავდასხმები არის სახელმწიფო სუვერენიტეტის ნათელი დარღვევა, ნდობისთვის ძირის გამოთხრა და წესებზე დაფუძნებული მრავალმხრივი წესრიგისთვის საფრთხის შემქნა. ჩვენ მზად ვართ ჩვენ ქართველ პარტნიორებს კიბერგამძლეობის აშენებაში დავეხმაროთ, რაც [ქვეყანას] ნებისმიერი მომავალი თავდასხმებისგან ეფექტურად დაიცავს",- აცხადებს ჩეხეთის მთავრობა.
  • "ვიზიარებთ ჩვენი მოკავშირეების და საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციის უპასუხისმგებლო და მავნებლური კიბერაქტივობები, რომლებიც ძირს უთხრის საერთაშორისო სტაბილურობას და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უნდა გამოაშკარავდეს და მკაცრად დაიგმოს",- აცხადებს პოლონეთის მთავრობა.
  • "ვიხსენებთ 2019 წლის ოქტომბრის დამანგრეველ კიბერშეტევას საქართველოს მედიისა და სამთავრობო ვებ-გვერების წინააღმდეგ - ლიტვა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კვლავ მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს და რუსეთს დაჟინებით მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მავნე კიბერაქტივობები",- აცხადებს ლიტვა.
  • "გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა საქართველოს წინააღმდეგ სერიოზული და მავნებლური კიბერთავდასხმები რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურს ("გრუ") მიაკუთვნა. დანია იზიარებს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მავნებლურ კიბერაქტივობაზე და მშვიდობიანი, თავისუფალი, ღია და უსაფრთხო კიბერსივრცის ხელშეწყობას გააგრძელებს",- აცხადებს დანია.
  • "NATO საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას აგძრელებს, მათ შორის კიბერთავდაცვის მხრივ",- განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

რუსეთის რეაქცია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ საქართველოზე კიბერთავდასხმა რუსეთიდან მოხდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ თქვა, რომ "რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რამენაირი ფორმით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები