აჭარის ტელევიზია

გომელაური: დღეს როგორი თავისუფალიც არის მოსახლეობა და მედია, 2012-მდე არ ყოფილა

"დღეს როგორი თავისუფალიც არის მოსახლეობა და მედია, ესეთი არ ყოფილა 2012-მდე" - ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით გაკეთებულ საერთაშორისო განცხადებებს, გამოიჩინონ ჟურნალისტების მხრიდან სიფრთხილე და არ ჩაერიონ სარედაქციო პოლიტიკაში. 

გომელაურის თქმით, ის ამ საქმის დეტალებს არ იცნობს და სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს. 

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს 17 თებერვალს ტვიტერზე გამოემხაურა:

„ჟურნალისტები აპროტესტებენ პოლიტიკურ ზეწოლას რეგიონალურ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე. რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ჯგუფის სარედაქციო დამოუკიდებლობას,“ – წერია განცხადებაში.

19 თებერვალს, პროტესტის მიუხედავად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ საშტატო ერთეულების შემცირებას მხარი დაუჭირა.

ინიციატივა, რომელიც ტელევიზიის ახლადდანიშნული დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს ეკუთვნის, რამდენიმე თანამდებობის გაუქმებას გულისხმობს.

ცვლილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. შესაბამისად, მათ ტელევიზიის დატოვება მოუწევთ.

კოხრეიძის ინიციატივას მხარი დაუჭირეს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა: სოსო სტურუამ, გიგა ჩხარტიშვილმა და თამილა დოლიძემ. გია ქარცივაძე და თამარ წილოსანი კი წინააღმდეგები იყვნენ. გადაწყვეტილება ძალაში 24 თებერვალს შევა.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები უკვე რამდენიმე თვეა, აჭარის უმაღლესი საბჭოს, მმართველი გუნდის და ტელევიზიის ახლადდანიშნული დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ.

გარდა აჭარის ტელევიზიისა, საქართველოში პრობლემები სხვა კრიტიკულ მედიებსაც აქვთ. სხვადასხვა მოტივით სასამართლოსა და პროკურატურაში გამოძიებებია დაწყებული მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ტვ პირველის დამფუძნებლის, ავთო წერეთლის, ასევე, ტელეკომპანია ფორმულას დირექტორის, ზურაბ გუმბარიძის მიმართ.

ამ საქმეებზე დასავლელი პარტნიორებიც საუბრობენ და მათ ხელისუფლების მხრიდან მედიის დევნად განიხილავენ. ოპოზიციური მედიების დევნას ხაზი გაუსვეს ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა წერილებში, რომლებიც გახარიას მთავრობას გაუგზავნეს.

კომენტარები