რუსული კიბერშეტევა

გახარია: ბევრად მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ვართ აქ, ვიდრე ამ კიბერშეტევით სპეკულირებაა

მთავარი არხი

"ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ვართ აქ, ვიდრე ამ კიბერშეტევით სპეკულირებაა," - პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კიბერშეტევასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. გახარიას თქმით, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით და ხელისუფლება ამაზე მუშაობს.

"ჩავთვალოთ, რომ კიბერშეტევასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, ჩავატარეთ გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება და დავამთავროთ ამაზე საუბარი," - ამბობს გახარია.

გახარიამ ეს კომენტარი ბათუმში გააკეთა, სადაც დაჭრილი და დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ბინები გადასცა. 

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. გაითიშა ასობით ვებ გვერდი, საიტებზე წაშლილი იყო შინაარსი, ჩნდებოდა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით "მე დავბრუნდები".

2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა.

გამოძიება საქართველომ, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივად ჩაატარეს.

საქართველოზე კიბერთავდასხმა დაგმეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ნიდერლანდების  სამეფომ, ნორვეგიამ, ჩეხეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, დანიამ, უკრაინამ, ასევე, საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები