ოპოზიციის შეხვედრა

უდუმაშვილი: ივანიშვილის გეგმაა დისონანსი, ის ოპოზიციურ ერთობაში განხეთქილებას ვერ შეიტანს

მთავარი არხი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის უახლოესი გეგმა არის საარჩევნოდ კანდიდატების შეთანხმება თბილისისთვის, შემდეგ კი რეგიონებისთვის.

ამის შესახებ უდუმაშვილმა ლეიბორისტულ პარტიაში ოპოზიციის შეხვედრამდე ისაუბრა, სადაც პოლიტიკოსები გეგმებზე მსჯელობენ. ენმ-ის წარმომადგენელი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ოპოზიცია 100/50-ზე თანახმა არ არის და გადაწყვეტილებასაც ერთობლივად მიიღებენ.

უდუმაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს გეგმით "დაშალე და იბატონე", თუმცა ოპოზიციაში განხეთქილებას ვერ შეიტანს.

"გასაგებია, ბიძინა ივანიშვილის გეგმა, მისი ამოცანაა ოპოზიციაში შეიტანოს გარკვეული დისონანსი, იმოქმედოს გეგმით "დაშალე და იბატონე". მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს და ეს გეგმა არის ის, რომ ძალა ერთობაშია. ამ ერთობაში ნამდვილად ვერ შეიტანს ვერანაირ განხეთქილებას. შეთანხმება იქნება საერთო, ანუ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, გადაწყვეტს საერთოდ როგორ ვმოქმედებთ და რას ვაკეთებთ. ასე რომ 100/50-ზე დასხდნენ და უმრავლესობაში თავად ისაუბრონ ამ თემაზე", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

ოპოზიციური სპექტრი მას შემდეგ გაერთიანდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და ქართულმა ოცნებამ პროპორციული საარჩევნო სისტემა არ მიიღო. აქციების და პიკეტების პარალელურად, ხელისუფლება და ოპოზიცია შეხვედრებსაც მართავდა. მე-4 რაუნდზე, 2019 წლის 20 დეკემბერს ქართული ოცნების შემოთავაზება იყო მანდატების 100/50-ზე გადანაწილება - 100 პროპორციული სიით, ხოლო 50 მაჟორიტარი. ოპოზიციისთვის ეს მიუღებელია. ქართული ოცნების წინააღმდეგ გაერთიანებულების საერთო პოზიცია ამ ეტაპზე 130/20-ზე გადანაწილებაა. სწორედ ამის შეთავაზებას აპირებდნენ ისინი ხელისუფლებისთვის, თუმცა გიგი უგულავას დაკავების გამო მოლაპარაკებები ჩაიშალა. ოპოზიციის აზრით, ერთ-ერთი ლიდერის დაკავებით ქართულმა ოცნებამ მოლაპარაკების რესურსი ამოწურა. პარალელურად, ხელისუფლება ცდილობს პარტიებს ცალ-ცალკე ესაუბროს.

კომენტარები