არჩევნები 2020

ბოკუჩავა: კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მოდელი - 100/50

საქართველოს პარლამენტი

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. ენმ-ის დეპუტატის თინა ბოკუჩავას თქმით, პრაქტიკულად შეთანხმდნენ თბილისში ერთიან მაჟორიტარებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია რეგიონებშიც მაქსიმალურად ბევრ ოლქში დააყენებს საერთო კანდიდატს და პარტიები ერთმანეთს ხმებს არ წაართმევენ.

"ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ და კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლების შემოთავაზება - 100/50. ეს არანაირი რეალური შემოთავაზება არ არის. ციფრებით ვაჭრობას არ ვაპირებთ" - თქვა ბოკუჩავამ და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ნებისმიერი მოდელით მოიგებს არჩევნებს.

"ოპოზიცია ვერ წააგებს ვერც ერთ შემთხვევაში და ვერც ერთ მოდელში, მოქალაქეებს ჩამოუყალიბდათ აზრი, რომ ეს მავნებელი ჭირი ქვეყანას უნდა ჩამოვაშოროთ. უნდა მოვიდეს კაოლიციური მთავრობა, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან" - ამბობს ენმ-ის დეპუტატი.

მას შემდეგ, რაც ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა კიდევ 3 წლით და 2 თვით დააპატიმრეს საქმეზე, რომელზეც თბილისის ყოფილ მერს სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ მოლაპარაკების რესურსი ამოწურა.

დიალოგის შეწყვეტის შემდეგ, ოპოზიციამ 4 აპრილს მასშტაბური აქცია დაგეგმა, სადაც კონკრეტულ გეგმებს და სტრატეგიას გაასაჯაროებენ. ასევე 4 აპრილის მიტინგზე გაცხადდება, კონკრეტულად როგორ განაწილდებიან ოლქებში ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები.

იქამდე, ოპოზიციური პარტიები რეგიონებში მოსახლეობას შეხვდებიან, სახელმწიფო შენობების პიკეტირებას მოახდენენ და აქციებს გამართავენ.

კომენტარები